Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

პირველი მაკაბელთა 15

15
1ანტიოქოსმა, მეფე დემეტრიოსის ძემ, ზღვის კუნძულებიდან წერილები გაუგზავნა სიმონს, იუდაელთა მღვდელმთავარსა და ერისმთავარს, და მთელ ხალხს.
2ხოლო მათი შინაარსი ასეთი იყო: „მეფე ანტიოქოსი მოკითხვას უთვლის მღვდელმთავარსა და ერისმთავარს – სიმონსა და მთელ იუდაელ ხალხს.
3რაკიღა ავისმქმნელებმა ხელთ იგდეს ჩემი მამა-პაპის სამეფო, გადავწყვიტე დავიბრუნო სამეფო, რათა უწინდებურად აღვადგინო იგი; ამიტომაც შევკრიბე დიდძალი ლაშქარი და გავამზადე საბრძოლო ხომალდები.
4მინდა შევიდე ჩემს ქვეყანაში, რათა სანაცვლო მივაგო ყველას, ვინც ააოხრა იგი და დააქცია ჩემი სამეფოს ბევრი ქალაქი.
5ამიტომაც აღარ გთხოვ იმ გადასახადს, რაც ჩემმა წინამორბედმა მეფეებმა დაგითმეს და სხვა ხარკიც მიპატიებია შენთვის.
6ნებას გაძლევ საკუთარი ფული მოჭრა შენს ქვეყანაში.
7იერუსალიმი და ტაძარი თავისუფალი იყოს; მთელი იარაღი, რაც დაგიმზადებია, და ყველა ციხე-სიმაგრე, რაც აგიგია და შენად ითვლება, შენვე გეპყრას.
8მთელი აწინდელი და მომავალი სამეფო ვალი გეპატიოს აწ და მარადის.
9როცა ჩემს სამეფოს დავეუფლები, დიდ პატივს მოგაგებთ შენც, შენს ხალხსაც და ტაძარსაც, რათა მთელი ქვეყნიერებისთვის ცხადი გახდეს თქვენი დიდება.“
10ასსამოცდამეთოთხმეტე წელს თავისი მამა-პაპის ქვეყნისაკენ დაიძრა ანტიოქოსი; მთელმა ლაშქარმა მის ირგვლივ მოიყარა თავი, ასე რომ, ცოტანიღა შემორჩნენ ტრიფონს.
11მისდია მას ანტიოქოსმა და ლტოლვილი ზღვისპირა დორს მიადგა,
12რადგანაც მიხვდა, რომ უკუღმა შეტრიალდა მისი საქმე და მიატოვა იგი ლაშქარმა.
13ასოცი ათასი ქვეითითა და რვა ათასი მხედრით ანტიოქოსმაც დორთან დაიბანაკა.
14ალყა შემოარტყა ქალაქს და ხომალდებიც მიადგნენ ნაპირს, ასე რომ, ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც გარს ადგა მას და გზას უკრავდა შემსვლელ-გამომსვლელს.
15მაშინ დაბრუნდა რომიდან ნუმენიოსი თავის მხლებლებთან ერთად და მოიტანა ქვეყნებისა და მეფეებისათვის მიწერილი წერილები, რომლებშიც ეწერა:
16„ლუციუსი, რომაელთა კონსული, მოკითხვას უთვლის მეფე პტოლემეოსს.
17მოვიდნენ ჩვენთან იუდაელთა ელჩები, ჩვენი მეგობრები და მოკავშირენი, სიმონ მღვდელმთავრისა და იუდაელი ხალხისაგან გამოგზავნილნი, ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის გასაახლებლად.
18მოგვართვეს ოქროს ფარი – ათასმნიანი.
19აწ გადავწყვიტეთ მიგვეწერა მეფეებისა და ქვეყნებისთვის, რომ არაფერი დაუშაონ და თავს არ დაესხან არც მათ, არც მათ ქალაქებსა და ქვეყანას, და არც დახმარება გაუწიონ მათ წინააღმდეგ მეომართ.
20საჭიროდ მივიჩნიეთ მიგვეღო მათგან ფარი.
21თუ ვინმე ავისმქმნელი თქვენთან გამოიქცევა მათი ქვეყნიდან, მღვდელმთავარ სიმონს გადაეცით, რათა მათი სჯულისამებრ დასაჯოს იგი.“
22იგივე მისწერა მეფე დემეტრიოსსა და ატალოსს, არიარათესსა და არშაკს,
23და ყველა ქვეყანას: სამპსამესს, სპარტელებს, დელოსს, მინდოსს, სიკიონს, კარიას, სამოსს, პამფილიას, ლიკიას, ჰალიკარნასოსს, როდოსს, ფასელისს, კოსს, სიდეს, არადოსს, გორტინას, კნიდოსს, კვიპროსსა და კვირენეს.
24მათი ასლი კი მღვდელმთავარ სიმონს გაუგზავნეს.
25ხოლო მეფე ანტიოქოსი ხელახლა გარს შემოადგა დორს, ყოველი მხრიდან შეუტია, მანქანები მიაყენა და ისეთნაირად მოიმწყვდია ტრიფონი, რომ აღარც შესავლელი გზა დაუტოვა და აღარც გამოსასვლელი.
26სიმონმა ორი ათასი რჩეული მეომარი გაუგზავნა დასახმარებლად, აგრეთვე ოქრო-ვერცხლი და სათანადო აღჭურვილობა.
27მაგრამ მან არ ინება მათი მიღება, უარყო ყველაფერი, რაზედაც ადრე შეუთანხმდა სიმონს და გაუუცხოვდა მას.
28ათენობიოსი, ერთი თავისი მეგობარი, მოსალაპარაკებლად გაგზავნა მასთან და დააბარა ეთქვა: „თქვენს ხელთაა იაფო, გაზარა და იერუსალიმის ციხე-სიმაგრე, ხოლო ესენი ჩემი სამეფოს ქალაქებია,
29თქვენ დაარბიეთ მათი მიწა-წყალი, დიდი ზიანი მიაყენეთ ქვეყანას და დაიმორჩილეთ ჩემი სამეფოს ბევრი მხარე.
30მაშ, დამიბრუნეთ ქალაქები, რომლებიც აიღეთ და ხარკი იმ მხარეებიდან, რომლებსაც დაეუფლეთ იუდას საზღვრებს გარეთ.
31ანდა მათ სანაცვლოდ მომეცით ხუთასი ტალანტი ვერცხლი, ხოლო მათი დარბევისა და ქალაქებიდან აკრეფილი ხარკის საზღაურად – კიდევ ხუთასი ტალანტი; თუ არა და, მოვალთ და თავს დაგეცემით.“
32შევიდა ათენობიოსი, მეფის მეგობარი, იერუსალიმში და რა იხილა სიმონის დიდება, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელთა სიმრავლე და მხნეობა მისი, განცვიფრდა და აუწყა მას მეფის დანაბარები.
33სიმონმა პასუხად მიუგო: „არც ქვეყანა წაგვირთმევია უცხოთათვის და არც დაგვიმონებია უცხონი, არამედ ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს ვფლობთ, რომელიც ერთ დროს განუკითხავად მიიტაცეს ჩვენმა მტრებმა.
34ჩვენ კი, როცა ხელსაყრელი დრო დაგვიდგა, დავიბრუნეთ ჩვენი მამა-პაპის სამკვიდრებელი.
35რაც შეეხება იაფოსა და გაზარას, რომლებსაც ითხოვთ, თვითონ მათ დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას; მათში ას ტალანტს მოგცემთ.“
36ათენობიოსს სიტყვაც არ დასცდენია ამის პასუხად, მაგრამ გულჯავრიანი დაბრუნდა მეფესთან და მოახსენა მას სიმონის სიტყვები, მისი დიდება და ყოველივე ის, რაც იხილა; და სასტიკი რისხვით განრისხდა მეფე.
37ტრიფონი კი ხომალდში ჩაჯდა და ორთოსიაში გაიქცა.
38მაშინ მეფემ ზღვისპირეთის სარდლად დანიშნა კენდებეოსი, რომალსაც ქვეითი ჯარი და მხედრობა ჩააბარა.
39უბრძანა, გაელაშქრა იუდაელთა წინააღმდეგ, აეგო კედრონი, გაემაგრებინა ბჭენი და ეომა ხალხთან. თავად მეფე კი ტრიფონს დაედევნა.
40მიადგა კენდებეოსი იამნიას და დაიწყო ხალხის გამოწვევა საომრად. მერე შეიჭრა იუდაში, ატყვევებდა და მუსრს ავლებდა ხალხს.
41ააგო კედრონი, სადაც ქვეითნი და ცხენოსნები ჩააყენა, რათა იქიდან გამოსულიყვნენ იუდას გზებზე სათარეშოდ და სარბევად, როგორც უბრძანა მეფემ.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia