საქმე. 23
23
პავლე სინედრიონის წინაშე
1პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „კაცნო ძმანო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.“
2მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა მისი სახეში ცემა.
3მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! რჯულით განსაკითხად ზიხარ და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.“
4იქ მდგომებმა თქვეს: „ღვთის მღვდელმთავარს აგინებ?“
5თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’“
6პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და დაიძახა სინედრიონში: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები.“
7ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული.
8ვინაიდან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სულიო, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც.
9ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ან სული ელაპარაკებოდა მას, ან ანგელოზი. ღმერთს ნუ ებრძვით!“
10რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ მათ არ გაეგლიჯათ პავლე, და ჯარისკაცებს უბრძანა შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ.
11მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „გამხნევდი, ვინაიდან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება.“
შეთქმულება პავლეს მოსაკლავად
12რომ გათენდა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და შეფიცეს ერთმანეთს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ.
13ორმოცზე მეტნი იყვნენ ისინი, ვინც შეითქვნენ.
14მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ.
15ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ უფრო წვრილად გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“
16შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს.
17პავლემ გამოიძახა ერთი ასისთავთაგანი და უთხრა: „ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“
18მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, სათქმელი აქვს შენთვის.“
19ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“
20მან უთხრა: „იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ შენ, რომ ხვალ გამოიყვანო პავლე სინედრიონში, თითქოს მათ სურდეთ უფრო წვრილად გამოიკვლიონ მისი საქმე.
21შენ ნუ დაუჯერებ მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ მათგან ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებულები არიან და შენს ბრძანებას ელიან.“
პავლეს გაგზავნა კესარიაში
22მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინეო.
23გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: „მოამზადეთ ორასი ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის,
24მოიმარაგეთ პირუტყვები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“
25მისწერა ამგვარი წერილი:
26„კლავდიუს ლუსია – უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე!
27ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და განზრახული ჰქონდათ მოეკლათ იგი. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როცა გავიგე, რომ რომაელია.
28მინდოდა გამეგო, რაში სდებდნენ ბრალს, და მივუყვანე მათ სინედრიონში.
29გავიგე, რომ თავიანთი რჯულის საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინოს.
30როცა ცნობილი შეიქნა ჩემთვის რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, მასზე ილაპარაკონ შენს წინაშე. იცოცხლე!“
განმგებელი აკავებს
პავლეს ბრალმდებლების მოსვლამდე
31ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში.
32მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ.
33მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და განმგებელს გადასცეს წერილი, პავლეც წარუდგინეს მას.
34წაიკითხა წერილი და ჰკითხა, თუ რომელი მხრიდან იყო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა:
35„მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ.“ და ბრძანა ჰეროდესეულ პრეტორიუმში დაეკავებინათ.
Šiuo metu pasirinkta:
საქმე. 23: GEO02
Paryškinti
Dalintis
Palyginti
Kopijuoti
Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002