საქმე. 22
22
პავლეს სიტყვა
1„კაცნო, ძმანო და მამანო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება თქვენს წინაშე.“
2როცა გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა:
3„მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი.
4სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში გადავცემდი როგორც კაცებს, ასევე ქალებს.
5ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურებიც წამეყვანა დასასჯელად იერუსალიმში.
6მოხდა ისე, რომ როცა მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან.
7დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’
8მე მივუგე: ‘ვინა ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ, იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.’
9ჩემთან მყოფებმა იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
10ვთქვი: ‘რა ვქნა, უფალო?’ უფალმა მითხრა: ‘ადექი და წადი დამასკოს და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.’
11რაკი იმ ნათლის დიდების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.
12ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა იუდეველი,
13მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: ‘ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი!’ და მე იმ ჟამსავე დავინახე იგი.
14ხოლო მან მითხრა: ‘ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი კაცი და ისმინო ხმა მისი ბაგიდან.
15რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმისა, რაც ნახე და მოისმინე.
16ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’
17როცა იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, მოვხვდი ხილვაში.
18დავინახე იგი და მან მითხრა: ‘იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, ვინაიდან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე.’
19და მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს.
20როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’
21და მითხრა: ‘წადი, შორს მიგავლენ წარმართებთან.’“
22ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი მიწისაგან, ვინაიდან არ არის სიცოცხლის ღირსი!“
23როცა ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ,
24ათასისთავმა ბრძანა ბანაკში შეეყვანათ იგი და უთხრა, შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ.
25როცა გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად გაშოლტოთ რომაელი კაცი?“
26ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა და უთხრა: „რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!“
27მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომაელი ხარ?“ მიუგო: „ჰო.“
28მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი – დაბადებით.“
29მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდნენ. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ იგი რომაელი ყოფილა, მან კი შეაბორკინა იგი.
პავლეს მიყვანა სინედრიონზე
30მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა მას ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და დააყენა მათ წინაშე.
Šiuo metu pasirinkta:
საქმე. 22: GEO02
Paryškinti
Dalintis
Palyginti
Kopijuoti
Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002