საქმე. 16

16
პავლე მეორედ ნახულობს ეკლესიებს
1ჩავიდა დერბეს და ლუსტრას. და, აჰა, იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
2რომელზეც მოწმობდნენ ლუსტრელი და იკონიელი ძმები.
3პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა და წინადაცვითა იუდეველთა გულისთვის, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
4ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
5ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
მიწვევა მაკედონიიდან.
გამგზავრება ფილიპეში
6გაიარეს მათ ფრიგია და გალატელთა ქვეყანა, და სულიწმიდისგან აკრძალული ჰქონდათ სიტყვის ქადაგება აზიაში.
7მივიდნენ მისიამდე და აპირებდნენ ბითვინიაში გამგზავრებას, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა ისინი.
8მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ.
9ღამით პავლეს ჩვენება ჰქონდა: წარუდგა ვიღაც მაკედონიელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე.“
10ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე ვცადეთ მაკედონიაში გამგზავრება. ვფიქრობდით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა, გვეხარებინა მათთვის.
ლიდიას მონათვლა და
პავლეს მიღება მის სახლში
11გავცურეთ ტროადან და პირდაპირ გავეშურეთ სამოთრაკეში, ხოლო მეორე დღეს – ნეაპოლისში.
12იქიდან ფილიპეში, რომელიც მაკედონიის მთავარი ნაწილის ქალაქია, კოლონია. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
13შაბათ დღეს გავედით კარიბჭის გარეთ, მდინარის პირას, სადაც სალოცავი გვეგულებოდა. დავსხედით და ველაპარაკებოდით იქ შეკრებილ დედაკაცებს.
14ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ქალაქ თიატირადან, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკევის მოსასმენად.
15როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, გვთხოვა და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია.
პავლე საპატიმროში
16როდესაც სალოცავში მივდიოდით, შეგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17იგი პავლეს და ჩვენ აგვედევნა, ყვიროდა და ამბობდა: ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენი ხსნის გზებსო.
18ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. პავლე ძალიან შეწუხდა, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა.
19დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ გაქრა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მიიყვანეს მოედანზე მთავრებთან.
20მთავრებს რომ წარუდგინეს, უთხრეს: „ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
21და გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, ვინაიდან რომაელები ვართ.“
22და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. ხოლო მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
24ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი შიდა საპყრობილეში და ფეხებზე ხუნდები დაადო.
საპატიმროს ზედამხედველის მოქცევა
25შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26უცერად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ, საპყრობილის საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასცვივდა ბორკილები.
27გამოეღვიძა საპყრობილის ზედამხედველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ.
28პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, ვინაიდან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“
29მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
30გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?“
31ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც.“
32და უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს.
33და წაიყვანა ისინი იმ ღამეს, იმ საათშივე, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
34მიიყვანა ისინი თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი.
მთავრების თხოვნით წასვლა ფილიპედან
35რომ გათენდა, მთავრებმა გაგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.“
36შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“
37მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“
38მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
39და მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.
40გამოვიდნენ საპყრობილიდან და მივიდნენ ლიდიასთან, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და წავიდნენ.

Šiuo metu pasirinkta:

საქმე. 16: GEO02

Paryškinti

Dalintis

Palyginti

Kopijuoti

None

Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės