საქმე. 15

15
პავლე და ბარნაბა იერუსალიმში
1ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო.
2როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან.
3გააცილა ეკლესიამ და ფინიკიასა და სამარიაში გავლისას ისინი უამბობდნენ წარმართთა მოქცევაზე, და ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ.
4იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიიღეს ისინი ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით,
5წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
პეტრეს და იაკობის დასტური
წარმართთა შესახებ
6შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად.
7ხანგრძილივი გამოძიების შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
8და გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
9განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როცა რწმენით განწმიდა მათი გულები.
10ახლა რატომ გამოსცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს, ვერც ჩვენ?
11მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“
12ბევრი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.
13მათი დადუმების შემდეგ მიუგო იაკობმა და თქვა: „კაცნო ძმანო, მომისმინეთ:
14სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის.
15ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია:
16‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ კარავს, დანგრეულს აღვადგენ და კვლავ ავაშენებ,
17რათა ეძიოს ადამიანთა ნატამალმა უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.
18საუკუნითგან ღვთისთვის ცნობილია ყოველი მისი საქმე.’
19ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავაბრკოლოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვთისკენ არიან მიქცეულნი,
20არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, დამღრჩვალს და სისხლს.
21ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.“
მოციქულები და უხუცესები წარმართთა მოსაქცევად
22მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად საჭიროდ მიიჩნიეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში მისავლენად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა, რომელსაც ბარშაბა ეწოდა, და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის.
23დაწერეს თავიანთი ხელით: „მოციქულები და უხუცესები, ძმები – ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ!
24რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აღგაშფოთეს თავიანთი სიტყვებით და სული შეგირყიეს, რადგან გითხრეს, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია,
25ერთსულოვნად საჭიროდ მივიჩნიეთ კაცების არჩევა თქვენთან მოსავლენად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,
26ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.
27ჩვენ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.
28საჭიროდ სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
29ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, დამღრჩვალსა და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“
იუდა და სილა
30წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს კრებული და გადასცეს წერილი.
31როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
32იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს.
33დაყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.
34ხოლო სილამ საჭიროდ მიიჩნია იქვე დარჩენა.
35პავლე და ბარნაბა შეყოვდნენ ანტიოქიაში, ასწავლიდნენ და ახარებდნენ ბევრ სხვასთან ერთად უფლის სიტყვას.
ბარნაბა მიცურავს მარკოზთან ერთად კვიპროსში
36რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „წავიდეთ კიდევ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.“
37ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზი ერქვა.
38პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე.
39ჩამოვარდა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაცურეს კვიპროსამდე.
40ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
41მიმოდიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

Šiuo metu pasirinkta:

საქმე. 15: GEO02

Paryškinti

Dalintis

Palyginti

Kopijuoti

None

Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės