YouVersion Logo
Search Icon

მსაჯ. 18

18
დანის ტომის დამკვიდრება
1იმ დღეებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა; და იმავე დღეებში დანის ტომი ეძიებდა თავისთვის წილხვდომილს დასამკვიდრებლად, რადგან არ ხვდომოდა იმ დღემდე წილი ისრაელის ტომთა შორის.
2და გაგზავნეს დანის ძეთ თავისი ტომიდან ხუთი კაცი თავისი წრიდან, ძლიერი ვაჟკაცები ცორყადან და ეშთაოლიდან, რათა დაეზვერათ ქვეყანა და გამოეკვლიათ. უთხრეს: „წადით, გამოიკვლიეთ ქვეყანა.“ და მივიდნენ ეფრემის მთაზე მიქას სახლთან, და იქ გაათიეს.
3მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ლევიანი ყმაწვილის ხმა და შევიდნენ იქ, და უთხრეს მას: „აქ ვინ მოგიყვანა, აქ რას აკეთებ, აქ რა გინდა?“
4და უთხრა მათ: „ასე და ასე მომექცა მიქა: დამიქირავა და მისი მღვდელი გავხდი.“
5და უთხრეს მას: „ჰკითხე ღმერთს, რომ ვიცოდეთ, ხელი თუ მოგვემართება იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ?“
6და უთხრა მათ მღვდელმა: „წადით მშვიდობით; უფლის წინაშეა თქვენი გზა, რომელსაც ადგახართ.“
7და წავიდა ეს ხუთი კაცი და მივიდა ლაიშში და ნახა მასში მყოფი ხალხი, უზრუნველად მცხოვრები, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი; არვინ იყო იმ ქვეყნად რაიმეზე მათი შეურაცხმყოფელი და მათზე მებატონე; ციდონელთაგან შორს ცხოვრობდნენ, და კაციშვილთან საქმე არ ჰქონდათ.
8და მივიდნენ ისინი თავიანთ ძმებთან ცორყაში და ეშთაოლში, და უთხრეს მათ ძმებმა: „რას იტყვით?“
9და მათ თქვეს: „ავდგეთ და გავილაშქროთ მასზე, რადგან ვნახეთ ის ქვეყანა. და აჰა, ძალიან კარგია იგი. რა გულ-ხელი დაგიკრეფიათ? ნუღარ დააყოვნებთ, წადით იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად.
10მიხვალთ და წააწყდებით უზრუნველ ხალხს. გაშლილი ქვეყანაა. ღმერთმა შენ ჩაგიგდო იგი ხელში. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია, რაც ქვეყანაზეა.“
11და დაიძრნენ იქიდან, დანის ძეთა საგვარეულოდან, ცორყადან და ეშთაოლიდან, ექვსასი კაცი საბრძოლო იარაღით შეჭურვილი.
12და ავიდნენ და დაიბანაკეს კირიათ-იეყარიმში, იუდაში. ამიტომ ეძახიან ამ ადგილს დანის ბანაკს დღევანდლამდე. და ეს ადგილი კირიათ-იეყარიმის გადაღმა იყო.
13და იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.
14და მიუგო ხუთმა კაცმა, ლაიშის ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, და უთხრა თავის ძმებს: „თუ იცით, რომ აქ ერთ-ერთ სახლში აქვთ ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? და ახლა მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.“
15და გადაუხვიეს იქით, და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მოიკითხეს იგი მშვიდობით.
16და ექვსასი კაცი დანის ძეთაგან საბრძოლო იარაღით შეჭურვილი კარიბჭის შესასვლელთან იდგა.
17და წავიდა ის ხუთი კაცი, ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი კარიბჭის შესასვლელთან იდგა საბრძოლო იარაღით შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით.
18და ისინი შევიდნენ მიქას სახლში და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი, და ჩამოსხმული კერპი. და ჰკითხა მათ მღვდელმა: „რას აკეთებთ?“
19და უთხრეს მას: „გაჩუმდი, პირზე ხელი დაიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გიჯობს: ერთი კაცის სახლის მღვდლობა, თუ ისრაელის ტომისა და საგვარეულოს მღვდლობა?“
20და გაიხარა მღვდლის გულმა, და აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.
21და გაბრუნდნენ და წავიდნენ; ბავშვები, ჯოგი და ქონება წინ გაუშვეს.
22გამოცილებულები იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და წამოეწივნენ დანის ძეთ,
23დაჰკივლეს დანის ძეებს. და მოუბრუნდნენ და უთხრეს მიქას: „რა დაგემართა, რა გაყვირებს?“
24და თქვა: „მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, მეტი რაღა დამრჩენია? როგორღა მეუბნებით, რა დაგემართაო?“
25და უთხრეს მას დანის ძეთ: „აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ დაგეცემიან გააფთრებული კაცები, ჩვენს შორის რომ არიან, და შენს სულსაც დაღუპავ და შენი სახლის სულსაც.“
26და წავიდნენ დანის ძენი თავიანთი გზით; დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა.
27და მათ წაიღეს, რაც გაკეთებული ჰქონდა მიქას. და წაიყვანეს მისი მღვდელი, და მივიდნენ ლაიშში, წყნარ და უზრუნველ ხალხთან, და მოსრეს ისინი მახვილის პირით და ქალაქი გადაწვეს ცეცხლით.
28და არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან შორს იყო ციდონისაგან, კაციშვილთან არ ჰქონდათ საქმე. და იყო ველზე, რომელიც ბეთ-რეხობთანაა. და ააშენეს მათ ქალაქი და დამკვიდრდნენ მასში,
29და უწოდეს ქალაქს სახელად დანი, მათი მამის, დანის, სახელობაზე, რომელიც ისრაელს შეეძინა. თუმცა ქალაქს თავდაპირველად ლაიში ერქვა.
30და აღმართეს დანის ძეთ ქანდაკი; და იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, იგი და მისი ძენი დანის ძეთა ტომის მღვდლები იყვნენ იმ ქვეყნის გადასახლების დღემდე.
31და ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, რაც ღვთის სახლი შილოში იყო.

Currently Selected:

მსაჯ. 18: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy