YouVersion Logo
Search Icon

მსაჯ. 19

19
ლევიანი და მისი ხარჭა
1იმ დღეებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის მთის კალთაზე. და ხარჭა მოიყვანა იუდას ბეთლემიდან.
2და შემდეგ შეედავა მას ხარჭა, გაშორდა და წავიდა მამის სახლში, იუდას ბეთლემში, და იყო იქ ოთხი თვე.
3და ადგა მისი ქმარი და გაჰყვა მის კვალს, რათა დაეყვავებინა და შინ დაებრუნებინა. და მსახური ბიჭი და წყვილი სახედარი ახლდა თან. და შეიყვანა ქალმა იგი თავისი მამის სახლში. და დაინახა იგი ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და სიხარულით გამოეგება.
4და არ გაუშვა იგი სიმამრმა, ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა მასთან სამი დღე. და ჭამდნენ და სვამდნენ და ღამეს იქვე ათევდნენ.
5და მეოთხე დღეს ადგნენ დილაადრიანად, და იგი მოემზადა წასასვლელად. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: „გაიმაგრე გული ლუკმა პურით და მერე წადი.“
6და დასხდნენ ორივენი, ერთად ჭამეს და სვეს. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ იმ კაცს: „მოდი, გაათიე ღამე აქ, მოილხინოს შენმა გულმა.“
7და ადგა კაცი წასასვლელად, მაგრამ კვლავ სთხოვა სიმამრმა, და მან ისევ იქ გაათია ღამე.
8და ადგა და მოემზადა წასასვლელად დილაადრიანად მეხუთე დღეს. და უთხრა მას ყმაწვილი ქალის მამამ: „მოდი, დაინაყრე გული და შეიცადე, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს.“ და ჭამეს ორივემ.
9და ადგა ის კაცი, რომ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად. და უთხრა მას მისმა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: „აჰა, დღე უკვე საღამოსკენ იხრება, მოდი, ამაღამ დარჩი. დღე სადაცაა მიიწურება, აქ გაათიეთ ღამე და მოილხინოს შენმა გულმა, და ხვალ ადექით დილაადრიანად და გაუდექით თქვენს გზას, და წადი შენი კარვისაკენ.“
10მაგრამ არ ისურვა ამ კაცმა ღამის კიდევ იქ გათევა, ადგა და წავიდა; და მივიდა იებუსამდე, იერუსალიმი რომ არის; და თან ახლდა თავისი ხარჭა და წყვილი კეხდადგმული სახედარი.
11იებუსს რომ მიადგნენ, დღე თითქმის მიწურული იყო. და უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: „წავიდეთ, და შევუხვიოთ იებუსეველთა ამ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე.“
12და უთხრა მას მისმა ბატონმა: „ნუ შევუხვევთ იმ უცხოტომელთა ქალაქში, რომელნიც ისრაელის ძენი არ არიან, და ბარემ გიბყამდე მივიდეთ.“
13და უთხრა თავის მსახურ ბიჭს: „გასწი, და მივადგეთ რომელიმე ადგილს და გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.“
14და გასწიეს და წავიდნენ, და ბენიამინის გიბყას მახლობლად თავზე შემოაღამდათ.
15და გადაუხვიეს იქით, რათა ღამის გასათევად გიბყაში შესულიყვნენ. და მივიდა იგი და დაჯდა ქალაქის მოედანზე, რადგან ღამის გასათევად შინ არავინ შეუშვა ისინი.
16და აჰა, საღამოხანს ერთი ბერიკაცი ბრუნდებოდა თავისი სამუშაოდან, მინდვრიდან; და ეს კაცი ეფრემის მთიდან იყო და გიბყაში ცხოვრობდა. ამ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინის ძენი იყვნენ.
17და აახილა თვალი, და დაინახა მგზავრი ქალაქის მოედანზე. და უთხრა ამ ბერიკაცმა: „საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“
18და მან უპასუხა: „ჩვენ იუდას ბეთლემიდან მოვდივართ და მივალთ ეფრემის მთის კალთებამდე, რადგან იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი წასული და ახლა უფლის სახლისაკენ მივდივარ; და შინ არავინ შემიშვა.
19ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის, აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც, და ამ მსახური ბიჭისთვისაც, არაფერი მაკლია.“
20და უთხრა მას ბერიკაცმა: „მშვიდობა შენდა, რაც კი რამ გაკლია, ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს.“
21და შინ შეუშვა, და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
22როცა ისინი თავიანთ გულს ახარებდნენ, აჰა, ქალაქის მკვიდრნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ იმ სახლს და უთხრეს სახლის პატრონს, ბერიკაცს: „გამოიყვანე, შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, რომ შევიცნოთ იგი.“
23და გამოვიდა მათთან კაცი, პატრონი სახლისა, და უთხრა: „არა, ჩემო ძმებო, გევედრებით, ნუ უზამთ ბოროტებას, რაკი ეს კაცი ჩემს სახლში შემოვიდა; ნუ ჩაიდენთ ამ უხამსობას.
24აჰა, ჩემი ქალწული ქალიშვილი და ამ კაცის ხარჭა, იმათ გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით მათ, რაც გენებოთ; და ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უხამს საქმეს.“
25მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ იმ კაცმა ხელი მოჰკიდა თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა მათ. შეიცნეს იგი, მთელი ღამე აწვალებდნენ მას, დილამდე, და გაუშვეს ცისკრის მოახლოებაზე.
26და მოვიდა ქალი განთიადისას, და დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი ბატონი იდგა, და იქ ეგდო, ვიდრე არ ინათა.
27და ადგა დილით მისი ბატონი და გააღო სახლის კარები, და გამოვიდა, რომ თავის გზას დასდგომოდა. და აჰა, მისი ხარჭა სახლის კართან აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი.
28და მან უთხრა: „ადექი და წავიდეთ;“ მაგრამ პასუხი არ მიუღია. თავისი ხარჭა სახედარს გადაჰკიდა, ადგა და შინისკენ გასწია.
29შინ რომ მივიდა, აიღო დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას და ასო-ასო დაჭრა, თორმეტ ნაწილად, და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში.
30და ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: „მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდე. ჩაუფიქრდით, ითათბირეთ და თქვით.“

Currently Selected:

მსაჯ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy