სიბრძნე სოლომონისა 17
17
1დიდია და გონებამიუწვდენელი შენი ყოველი მსჯავრი, ამიტომაც შეცდნენ უწრთვნელი სულები.
2უსჯულონი, რომელთაც შენი წმიდა ერის დამონება მოიწადინეს, ბნელეთის პატიმრები და გრძელი ღამის ტყვეები იყვნენ, კარჩაკეტილნი და მარადიული განგებისაგან ლტოლვილნი.
3რაკიღა ცდილობდნენ დავიწყების მრუმე საბურველქვეშ მიმალულიყვნენ თავიანთ იდუმალ ცოდვებთან ერთად, საშინელი აჩრდილებით თავზარდაცემულნი და შეძრწუნებულნი აქეთ-იქით მიმოიფანტნენ.
4თვით ყველაზე ბნელმა მღვიმემაც, რომელსაც თავი შეაფარეს, ვერ იხსნა ისინი შიშისაგან, რადგანაც საზარელი გნიასით შეძრწუნებულთ ყველგან პირქუში მოჩვენებანი ელანდებოდათ.
5ვერავითარი ძალა ცეცხლისა ვერ ასხივებდა ნათელს და არც ვარსკვლავთა ციმციმს შეეძლო ამ შემზარავი ღამის ნათება.
6მხოლოდ თავისით დაგზნებულ და თავზარდამცემ კოცონთა ალი თუ უნათებდათ წყვდიადს; და უხილავი აჩრდილებით შეძრწუნებულთ კიდევ უფრო საზარლად ეჩვენებოდათ ხილული.
7გაცუდდა მაცთური ძალა ჯადოქრობისა და სასაცილო შეიქნა სიბრძნით თავმოწონება.
8რადგან მათ, ვინც შიშის და ძრწოლის განდევნას აღუთქვამდა ტანჯულ სულებს, თავად შეჰყროდათ სამარცხვინო შიშის სენი.
9ვერავითარ საშინელებასაც რომ ვერ შეეკრთო ისინი, ნადირთა შლიგინითა და ქვეწარმავალთა სისინით დევნილნი შიშისაგან იხოცებოდნენ და იმასაც კი ვერ ბედავდნენ, რომ თვალი გაესწორებინათ ჰაერისათვის, რომელსაც ვერსად წაუვა კაცი.
10რადგანაც თავისივე მოწმობით განსჯილი ბოროტება მხდალია და სინიდისით ქენჯნილს ყოველწამს საშინელება ელანდება.
11ვინაიდან შიში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ გონება აღარ შეეწევა მოშიშს.
12რაც უფრო ნაკლებია შინაგანად ამ შემწეობის იმედი, მით უფრო შეუცნობელი ჩანს ტანჯვის მიზეზი.
13აუტანელი ჯოჯოხეთის უფსკრულიდან გამოსული ამ ჭეშმარიტად გაუსაძლისი ღამით, ჩვეულებრივ რომ ეძინათ,
14ხან თავზარდამცემი აჩრდილები ელანდებოდათ, ხან კი სულიერი უმწეობით სასომიხდილნი ბორგავდნენ იმის გამო, რომ უეცარი და მოულოდნელი შიშისზარი დაატყდათ თავს.
15ასე რომ, ვინც სად იყო, იქვე დაეცა და რკინით შეუჭედელ დილეგში ამოყო თავი.
16მიწისმუშა, მწყემსი თუ უდაბნოში მოსაქმე, ანაზდეულად გათანგული, თავის გარდუვალ ხვედრს დაემორჩილა, რადგანაც ყველა წყვდიადის ერთი დაუხსნელი ჯაჭვით იყო შეკრული,
17ქარის წივილი თუ ხშირ ფოთლებში მიმალული ჩიტუნების ტკბილი ჭიკჭიკი, მოვარდნილი წყლის მძვინვარება თუ დაგორებულ ლოდთა გრუხუნი,
18ნადირთა უხილავი შლიგინი, მძვინვარე მხეცთა ღრიალი თუ მთის მღვიმეებში მოგუგუნე ექო – ყოველივე ეს თავზარს სცემდა შიშით გათანგულთ.
19მთელი სამყარო მოელვარე ნათელს მოეცვა და შეუფერხებლად საქმიანობდა;
20მხოლოდ მათ თავზე ჩამოწოლილიყო პირქუში ღამე, სახება წყვდიადისა, რომელსაც უნდა შთაენთქა ისინი, თუმცა თავიანთი თავისთვის თვითონვე იყვნენ წყვდიადზე უფრო მძიმენი.
S'ha seleccionat:
სიბრძნე სოლომონისა 17: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002