სიბრძნე სოლომონისა 16
16
1ამიტომაც საკადრისად დაისაჯნენ, ამნაირი ცხოველებითა და ურჩხულთა სიმრავლით ნატანჯნი.
2ამნაირი სასჯელის ნაცვლად, მოწყალე იყავ შენი ხალხის მიმართ; მისი უძღები მადა რომ დაგეცხრო, უცხო საზრდელი – მწყრები მოუმზადე საჭმელად.
3რათა მტერს, მისთვის შესეულ გულისამრევ ურჩხულთა დანახვაზე მადის ნატამალიც აღარ შერჩენოდა, შენს ხალხს კი, მცირე ხნით ნაშიმშილებს, უცხო საჭმლის გემო ეხილა.
4რადგანაც მტარვალთათვის ულმობელი გაჭირვება უნდა დაგეტეხა თავს, შენი ხალხისთვის კი მხოლოდ ის გეჩვენებინა, თუ როგორ იტანჯებოდნენ მტრები.
5როცა საზარელ მხეცთა მძვინვარება შენს ხალხს გადასწვდა და ცბიერ ქვეწარმავალთა გესლი მუსრს ავლებდა მას, უსასრულოდ როდი გაგრძელებულა შენი რისხვა.
6ჭკუის სასწავლად მხოლოდ მცირე ხნით შეაძრწუნე შენი ძენი, და მალევე მოუვლინე ხსნის ნიშანი, რათა შენი სჯულის მცნებები გახსენებოდათ.
7რადგანაც მოქცეული იმით კი არ გადარჩა, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო.
8ამით დაარწმუნე შენი მტრები, რომ შენა ხარ ყოველი ბოროტისაგან დამხსნელი.
9მტარვალნი კალიებისა და კრაზანების ნაკბენმა მოსრა, და არსად მოიძებნა მათი წამალი, რადგანაც ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა.
10შენს შვილებს კი გველების გესლმაც ვერა დააკლო რა, რადგან შენი წყალობა გადმოვიდა მათზე და განკურნა ისინი.
11ისინი გესლით იქნენ მოწყლულნი, რათა შენი სიტყვები გახსენებოდათ, მაგრამ მალევე ეშველათ, რათა დავიწყების უფსკრულში არ დანთქმულიყვნენ შენს წყალობას მოკლებულნი.
12ვერც ბალახმა არგო მათ და ვერც სალბუნმა, არამედ შენმა ყოვლისმკურნალმა სიტყვამ, უფალო.
13რადგანაც შენს ხელთაა სიცოცხლეც და სიკვდილიც; ვისაც გსურს, შენ ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭემდე და შენვე ამოიყვან.
14ადამიანი შეიძლება ბოროტებით გახდეს მკვლელი, მაგრამ ვერც ამორთმეულ სულს დააბრუნებს უკან და ვერც საიქიოს გარდასულს.
15შენი ხელიდან გაქცევა შეუძლებელია. გაექცე შენს ხელს,
16რადგანაც მკრეხელნი, რომელთაც უარყვეს შენი შემეცნება, დასჯილ იქნენ შენი მძლე მარჯვენით, არნახული თავსხმით, სეტყვითა და უწყალო გრიგალით დევნილნი, და ცეცხლში ამოიბუგნენ.
17მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ ყოვლისდამშრეტ წყალში ცეცხლი უფრო მძლავრობდა, რადგან თვით სამყაროც კი შეეწევა მართალთ.
18ხანდახან ალი ცხრებოდა, რათა არ ამოებუგა მკრეხელებს მისეული ცხოველები და ამის მხილველთ სცოდნოდათ, რომ ღვთის მსჯავრია მათი მდევნელი.
19ხანდახან კი წყლის შუაგულში თვით ცეცხლზე მეტად მძლავრობდა, რათა მუსრი გაევლო უსჯულო მიწის ნაყოფთათვის.
20ნაცვლად ამისა, ანგელოზთა საზრდოს არ აკლებდი შენს ხალხს და ისე, რომ არც კი გაგირჯია, ზეციდან უგზავნიდი მზამზარეულ პურს, ყველასთვის სანუკვარს და საამოს.
21შენს სიყვარულს შვილების მიმართ შენს მიერვე ბოძებული საზრდო მოწმობდა, გემოს რომ იცვლიდა იმის მიხედვით, თუ ვის როგორი სურდა და თვითეულის სურვილს ეხამებოდა.
22თოვლმა და ყინვამ გაუძლეს ცეცხლს და არ დამდნარან, რათა სცოდნოდათ უკეთურთ, რომ შთანთქა მტრის მიერ მოწეული ნაყოფი სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში მობრიალე ცეცხლმა.
23მაგრამ იგივე ცეცხლი, რათა დანაყრებულიყვნენ მართალნი, ივიწყებდა თავის საკუთარ ძალას,
24რადგან ქმნილება, შენ – მის შემოქმედს რომ გემსახურება, უსამართლოთა დასჯას მიელტვის და ცხრება მათდა სასიკეთოდ, ვისაც სწამს შენი.
25ამიტომ იყო, რომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეცვლილი, შენს ცხოველმყოფელ მადლს მსახურებდა გაჭირვებულთა სურვილით.
26რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო, რომ ნაყოფთა სიუხვე კი არ არჩენს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს ყველას, ვისაც სწამს შენი.
27რადგან ის, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც კი მზის სხივი გაათბობს.
28რათა იცოდეს ყველამ, რომ მზეზე ადრე უნდა მოგაგონ მადლი და გარიჟრაჟზევე შემოგეგებონ,
29რადგანაც ზამთრის ჭირხლივით დადნება სასოება უმადურისა და დაიღვრება, როგორც ფუჭად მდინარი წყალი.
S'ha seleccionat:
სიბრძნე სოლომონისა 16: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002