Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მესამე მაკაბელთა 5

5
1მაშინ ძლიერი რისხვით აღვსილმა და თავის სიძულვილზე ურყევად მდგომმა მეფემ მოიხმო სპილოების მომვლელი ჰერმონი
2და უბრძანა, სახვალიოდ ყველა – ხუთივე სპილოსათვის – ბლომად ეჭმიათ საკმეველი და გაუზავებელი ღვინით დაეთროთ, ხოლო შემდეგ სასიკვდილოდ განწირული იუდაელებისათვის მიესიათ გაშმაგებული ცხოველები.
3ამ განკარგულების გაცემის შემდეგ სანადიმოდ მიიწვია მეგობრები და მეომრები, რომლებიც განსაკუთრებით მტრულად იყვნენ განწყობილნი იუდაელების მიმართ.
4ხოლო ჰერმონმა, სპილოების მომვლელმა, ზუსტად შეასრულა მეფის ბრძანება.
5საღამოხანს ამ საქმის აღმსრულებელნი მივიდნენ, რათა ხელები შეეკრათ უბედურთათვის და სხვა მხრივაც დაიზღვიეს თავი, რადგანაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს ერთი ღამეც და მთელი ამ ხალხის სახსენებელიც აღარ დარჩებოდა.
6მაგრამ ბორკილდადებული იუდაელები, რომლებიც წარმართებს სრულიად უმწეონი და ყოველგვარ მფარველობას მოკლებულნი ეგონათ,
7ცრემლების ღვრით და ხმამაღალი მოთქმა-გოდებით მოუხმობდნენ ყოვლისმპყრობელსა და ყოველი ძალის მბრძანებელ უფალს, თავიანთ მოწყალე ღმერთსა და მამას;
8შესთხოვდნენ, განერიდებინა მათგან ბოროტი ზრახვა და თავისი დიადი გამოცხადებით ეხსნა ისინი მათთვის განკუთვნილი ხვედრისაგან.
9და მათმა გულმხურვალე ლოცვამ ზეცას უწია.
10როცა მძვინვარე სპილოები ღვინით დაათრო და საკმევლით ამოუყორა მუცელი, ჰერმონი დილაადრიან სასახლეში ეახლა მეფეს, რომ მზადყოფნა მოეხსენებინა მისთვის.
11მაგრამ უფალმა ტკბილი ძილი მოჰგვარა მეფეს, ეს კურთხეული ძღვენი, რომელსაც უკუნისიდან, დღისით თუ ღამით, მოუვლენს ყველას, ვისთვისაც მის მოვლინებას ინებებს.
12ღვთის განგებით ღრმა და საამო ძილში დანთქმულს სულ დაავიწყდა თავისი უღვთო განზრახვა, რამაც მთლიანად ჩაშალა მისი ურყევი გადაწყვეტილება.
13ხოლო იუდაელები, რაკი დათქმული ჟამი გავიდა და გარდუვალ სიკვდილს გადაურჩნენ, ადიდებდნენ თავიანთ წმიდა ღმერთს და კვლავ შესთხოვდნენ მათ მიმართ ლმობით მომხედავს, თავისი მძლეთა-მძლე მარჯვენის ძალა ეჩვენებინა გათავხედებული წარმართებისათვის.
14მეათე საათის ნახევარი რომ გავიდა, მესტუმრეთუხუცესმა დაინახა, რომ წვეულნი უკვე შეყრილიყვნენ და გასაღვიძებლად ეახლა მეფეს.
15ძლივსძლივობით გააღვიძა და აუწყა, რომ ნადიმის დრო იწურებოდა და ანგარიში ჩააბარა შესრულებული დავალების თაობაზე.
16გონს რომ მოეგო მეფე, სანადიმოდ გამობრძანდა და სტუმრებს უბრძანა მის წინ ინახით დამსხდარიყვნენ.
17როცა მისი ბრძანება შესრულებულ იქნა, მეფემ მოუწოდა თანამეინახეებს, მხიარულად გაეტარებინათ სანადიმოდ დარჩენილი დრო.
18როდესაც ლხინი ეშხში შევიდა, მეფემ დაიბარა ჰერმონი და წარბშეკრულმა მწყრალად ჰკითხა, როგორ მოხდა, რომ იუდაელები დღევანდელ დღეს გადაურჩნენო.
19მან მოახსენა, რომ ბრძანება ღამითვე შეასრულა, რაც მეფის მეგობრებმაც დაუდასტურეს.
20მაშინ ფალარისზე უფრო მეტად გაშმაგებულმა მეფემ თქვა, ამას დღევანდელ ძილს უმადლოდნენო, და ჰერმონს უბრძანა მეორე დღისთვის აუცილებლად მზად ჰყოლოდა სპილოები უსჯულო იუდაელების შესამუსრავად.
21ეს რომ თქვა, სტუმრებმა მხიარული ყიჟინით გამოხატეს თავიანთი კმაყოფილება და სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
22მაგრამ ის ღამე ძილში კი არა, იმაზე ფიქრში გაატარეს, თუ როგორ დაემცირებინათ და ეწამებინათ უდანაშაულო დამნაშავეები.
23დილაადრიან, როგორც კი მამალმა იყივლა, ჰერმონმა გაამზადა სპილოები და ვრცელ ეზოში მათ გაღიზიანებას შეუდგა.
24ქალაქში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ამ საცოდაობის საყურებლად. ყველანი მოუთმენლად მოელოდნენ გათენებას.
25გულით ურვილ იუდაელებს კი ცრემლის ღვრითა და მოთქმა-გოდებით აღეპყროთ ხელები ცისკენ და უდიადეს ღმერთს ევედრებოდნენ, კვლავაც მოევლინა ხსნა მათთვის.
26მზე ჯერ კიდევ არ ამოწვერილიყო და მეფე კვლავ თავის მეგობრებს იღებდა, რომ ჰერმონი ეახლა და მოახსენა, თქვენი განკარგულებისამებრ ყველაფერი მზდაა და გთხოვთ მობრძანდეთო.
27ამ სიტყვებითა და მოულოდნელი მიწვევით განცვიფრებულმა მეფემ, რომელსაც ყველაფერი დავიწყებოდა, იკითხა, მაინც რა საქმეა, ასე საგულდაგულოდ რომ ამზადებო.
28მაგრამ ეს იყო ქმედება ყოვლისგამრიგე ღმერთისა, ყველაფერი რომ დაავიწყა მეფეს, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.
29ჰერმონმა და მეგობრებმა ცხოველებისა და მეომრებისაკენ მიახედეს მეფე და უთხრეს, რომ ყველაფერი მზად იყო, მისი ბრძანებისამებრ.
30ამ სიტყვებმა საშინლად განარისხეს მეფე, რადგანაც ღვთიურმა განგებამ მთელი ჩანაფიქრი ამოუბერტყა თავიდან და წარბშეკრულმა მუქარით თქვა:
31„შენი მშობლები და შვილები რომ გყოლოდა აქ, სწორედ მათ მივუყრიდი მხეცებს სათელად, უდანაშაულო იუდაელების ნაცვლად, რომლებსაც ჩემი წინაპრებისათვის არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი უსაზღვრო ერთგულება.
32რომ არ მიყვარდე, როგორც თანშეზრდილი, და არ მჭირდებოდე, მათ ნაცვლად შენ მოგისწრაფებდი სიცოცხლეს!“
33ასე მოულოდნელად დაატყდა თავს ჰერმონს საშინელი მუქარა. მზერა დაებინდა და სახე მოერღვა.
34მეფის მეგობრებიც უკმაყოფილოდ დაიშალნენ და შეკრებილთაგან თითოეული თავის საქმეზე გაუშვეს.
35იუდაელებმა კი, მეფის ნათქვამი რომ შეიტყვეს, ადიდეს ღმერთის, მეუფეთა-მეუფის, გამოცხადება და მისი შემწეობა.
36ამ გადაწყვეტილების შემდეგ მეფემ კვლავ გამართა ნადიმი და სამხიარულოდ მიიწვია სტუმრები.
37უხმო ჰერმონს და მუქარით უთხრა: „რამდენჯერ უნდა გიბრძანო, უმაქნისო, ერთი და იმავე საქმის აღსრულება?
38სახვალიოდ კვლავ მზად გყავდეს სპილოები, რომ მუსრი გავავლოთ იუდაელებს.“
39მეფის მეგობრებს, მასთან ერთად რომ უსხდნენ სუფრას, გაუკვირდათ ასეთი ორჭოფობა და უთხრეს:
40„როდემდის უნდა გვცდიდე, მეფეო, როგორც ბრიყვებს? აგერ უკვე მესამედ ბრძანებ იუდაელთა გაწყვეტას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თვითონვე ცვლი და აუქმებ შენს ბრძანებას.
41ამიტომაცაა, რომ ქალაქი ბორგავს და, ხალხის ურიცხვი სიმრავლით სავსეს, ყოველ წამს გაძარცვის საფრთხე ემუქრება.“
42მაშინ უგუნურებით აღსავსე მეფემ, ზედმიწევნით რომ ჰგავდა ფალარისს, არად ჩააგდო თავისი სულიერი რყევა და ორჭოფობა იუდაელთა მიმართ, და საშინელი ფიცით დაიფიცა, რომ დაუყოვნებლივ გაისტუმრებდა მოუსავლეთში სპილოების ფეხით გათელილთ.
43შემდეგ კი ცეცხლითა და მახვილით გაილაშქრებდა იუდაზე და მიწასთან გაასწორებდა მას, გადაწვავდა მისთვის მიუწვდომელ ტაძარს და სამუდამოდ უდაბურსა და უკაცრიელს გახდიდა მსხვერპლის შემწირველთათვის.
44მაშინ მეფის მეგობრები და ახლობლები სიხარულით დაიშალნენ და ქალაქის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში განალაგეს ლაშქარი მის დასაცავად.
45სპილოების მომვლელმა კი გამაბრუებელი სასმელით – საკმეველნარევი ღვინით – ლამის სიშმაგემდე მიიყვანა ცხოველები და საშინელი იარაღით აღჭურვა ისინი.
46დილაადრიან, როცა ქუჩები აივსო ქალაქიდან ჰიპოდრომისაკენ მიმავალი ხალხით, ჰერმონი მეფეს ეახლა და შეახსენა, რაც უნდა აღესრულებინათ.
47მაშინ სასტიკი რისხვითა და უღვთო ზრახვით აღძრული მეფე მთელი ამალითურთ დაიძრა ჰიპოდრომისაკენ ცხოველებთან ერთად, რათა გულგაქვავებულს საკუთარი თვალით ეხილა განწირულთა სავალალო და საზარელი აღსასრული.
48როდესაც იუდაელებმა დაინახეს კარიბჭიდან დაძრული სპილოების, მათი თანმხლები ლაშქრისა და მრავალრიცხოვანი ბრბოს მსვლელობით ავარდნილი მტვრის კორიანტელი და გაიგონეს გნიასი,
49იფიქრეს, ჩვენი აღსასრულის წამმა მოაწია და დასრულდა ჩვენი საბედისწერო მოლოდინიო; მოთქმა-გოდებით მისცვივდნენ, ყელზე მოეჭდვნენ და კოცნა დაუწყეს ერთმანეთს: მშობლებმა – შვილებს, დედებმა – ყრმებს. ზოგნი კი მკერდში იკრავდნენ ახალშობილ ჩვილებს და უკანასკნელად აჭმევდნენ ძუძუს.
50მაგრამ როდესაც გაიხსენეს, რამდენჯერ მოევლინათ ხსნა, ჩვილები მკერდიდან მოიცილეს, ყველა ერთად დაემხო პირქვე
51და ხმამაღლა შეჰღაღადა ყოველი ძალის ბრძანებელს, რომ ცით მოვლენილს ეხსნა სამარის პირას მდგარნი.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia