რომ. 14
14
რატომ ამცირებ შენს ძმას?
1რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.
2ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს.
3ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი.
4ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
5ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე.
6ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
7ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის.
8ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
10მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე.
11რადგან სწერია: „მე ცოცხალი ვარ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“
12ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე.
ისეთ რაიმეს ნუ გააკეთებ,
რაც შენს ძმას აცდუნებს
13ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას განიკითხავდეთ, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.
14მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია გაუწმიდურებული. მხოლოდ მისთვის არის გაუწმიდურებული, ვინც გაუწმიდურებულად ჩათვლის რაიმეს.
15თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
16დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
17ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
18ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის.
19მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.
20საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს.
21უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება.
22გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
23ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
24ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მიდუმებული იყო,
25ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას.
26ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
Markert nå:
რომ. 14: GEO02
Marker
Kopier
Sammenlign
Del
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002