1პეტრ. 3
3
მითითება ცოლებს და ქმრებს
1ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით,
2როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით.
3თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა,
4არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე.
5ღვთის მოსავი წმიდა ქალებიც ოდესღაც ასე იმკობდნენ თავს, თავიანთ ქმრებს დამორჩილებულნი,
6როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
7თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
ნუ მიაგებ ბოროტს
8ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.
9ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
10რადგან, ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას.
11ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდეს,
12რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
სიმართლისათვის ტანჯვა ნეტარებაა
13ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
14მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისათვის. მათი შიშით ნურც შეშინდებით და ნურც დაღონდებით.
15წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
16კეთილი სინდისი გქონდეთ, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი.
17რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კარგ საქმეთა გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო.
18რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც,
20ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელება კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს;
21რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით,
22რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
Markert nå:
1პეტრ. 3: GEO02
Marker
Kopier
Sammenlign
Del
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002