1პეტრ. 2
2
ქვები სულიერი სახლისათვის
1ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
2როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სუფთა სულიერი რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
3რადგან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი,
4რომელთანაც მიხვედით – ცოცხალ ლოდთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისაგან კი რჩეული და პატივცემულია.
5და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღვთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მეშვეობით.
6რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, რჩეულსა და ძვირფას ქვაკუთხედს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“
7ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივია იგი, ურწმუნოთათვის კი ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა ქვაკუთხედად,’
8და ‘შებრკოლების ქვად და წატყუების კლდედ’. ისინი ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის არიან განწესებულნი.
9თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ.
10ოდესღაც რომ არახალხი იყავით, ახლა ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც რომ არაშეწყალებულნი იყავით, ახლა შეწყალებულნი ხართ.
დარიგება წმიდა ცხოვრებაზე
11საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც მწირებსა და ხიზნებს, განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან.
12კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.
13დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, თუნდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას,
14განმგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ, ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად.
15რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
16იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
17ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
მსახურებს მოთმინებაზე
18მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი შიშით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც.
19რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
20რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე.
21ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
22რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;
23რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
24რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ.
25ცხვრებივით გზააბნეული იყავით და ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.
Markert nå:
1პეტრ. 2: GEO02
Marker
Kopier
Sammenlign
Del
Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002