საქმე. 18
18
პავლეს მომსახურება კორინთოში
1ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და მივიდა კორინთოში.
2და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ, და მივიდა მათთან.
3და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა მათთან და შრომობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
4ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.
5როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო.
6მაგრამ როცა შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“
7და წავიდა იქიდან და შევიდა ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტოსის, სახლში სინაგოგის გვერდით.
8კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; და მრავალმა კორინთოელთაგან, როცა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
9უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
10ვინაიდან მე ვარ შენთან და ვერავინ გავნებს, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“
11დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს, და ასწავლიდა მათ შორის ღვთის სიტყვას.
პავლე გალიონის წინაშე
12როცა გალიონი აქაიას მთავარი იყო, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში,
13და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“
14როცა პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: „იუდეველებო, რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის,
15ხოლო, როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს ვიყო ამის მსაჯული.“
16და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
17მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენესი და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ესენი არ ადარდებდა
პავლეს დაბრუნება სირიაში
18პავლემ საკმაო ხანი რომ დაჰყო, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ, პრისკილასთან და აკვილასთან ერთად. მან კენქრეში გაიპარსა თავი, ვინაიდან აღთქმა ჰქონდა მიცემული.
19ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ეკამათა იუდეველებს.
20როცა მას სთხოვეს, რომ მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, არ დათანხმდა,
21არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო. თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან.
22და ჩავიდა კესარიაში, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა.
23დაჰყო რამდენიმე ხანი და წავიდა და რიგრიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
აპოლოსი ეფესოში
24ერთი იუდეველი კაცი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი და ძლიერი წერილებში, მივიდა ეფესოს.
25განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა.
26მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ და თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
27ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მადლით მორწმუნეებს.
28ვინაიდან იგი ბეჯითად ამხილებდა იუდეველებს საჯაროდ, ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო.
Šiuo metu pasirinkta:
საქმე. 18: GEO02
Paryškinti
Dalintis
Palyginti
Kopijuoti
Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002