საქმე. 13

13
გამოყოფა ანტიოქიაში
1იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ნიგერი ერქვა, ლუკიოს კვირენელი და მანაინი – ტეტრარქის – ჰეროდეს – ძუძუმტე, და სავლე.
2როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“
3მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
ქადაგება კვიპროსზე
4ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე.
5სალამისში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად.
6როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, მოგვი, ცრუწინასწარმეტყველი, იუდეველი, სახელად ბარიესუსი,
7რომელიც იყო პროკონსულ სერგის-პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.
8წინაღუდგა მათ ელიმას მოგვი, ვინაიდან ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან გადაეცდინა პროკონსული.
9ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულიწმიდით, მიაპყრო მას მზერა
10და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველგვარი სიბოროტით აღვსილო, ეშმაკის ძეო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი: შენ დაბრმავდები და ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას ჯანღი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
12მაშინ დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა, და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
პისიდიის ანტიოქიაში
13პაფოსიდან გამგზავრებული, პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14ისინი კი პერგეს გავლით მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ.
15რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის უფროსებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო ძმანო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.“
პავლეს სიტყვა ანტიოქიაში
16ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17ამ ერის, ისრაელის, ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში მდგმურობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
19მოსპო შვიდი ხალხი ქანაანის ქვეყანაში და მათ დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20ამის შემდეგ, ასე, ოთხას ორმოცდაათ წელიწადს აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22მისი გადაყენების შემდეგ, მეფედ დაუყენა მათ დავითი, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.’
23მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო.
24მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა მთელ ისრაელის ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25როცა ამთავრებდა თავის სარბიელს, იოანე ამბობდა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხზე სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ.’
26კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და თქვენს შორის ღვთისმოშიშნო! თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
27ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ იცნეს იგი, დასაჯეს და ამით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება.
28და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29როცა აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, ჩამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში.
30ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი.
31მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწამენი არიან ხალხის წინაშე.
32და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც მამებს მისცა, ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო.
33როგორც მეორე ფსალმუნში სწერია: ‘ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.’
34ხოლო რაკი მან აღადგინა მკვდრეთით, რათა ის აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს,
35ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ‘ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.’
36მაგრამ დავითმა, რომელიც მსახურებდა თავის თაობაში, ღვთის ნებით განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
37ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
38ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო ძმანო, რომ მისით ცოდვების მიტევება გეუწყებათ.
39ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული:
41‘იხილეთ, მოძულენო, და განცვიფრდით და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.’“
42როცა იუდეველთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები
43კრებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი მისდევდა პავლეს და ბარნაბას. ისინი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45როცა იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ, და შეურაცხმყოფელად უარყოფდნენ იმას, რასაც პავლე ლაპარაკობდა.
იუდეველები ეწინააღმდეგებიან პავლეს
46მხნეობა მოიკრიბეს ბარნაბამ და პავლემ გაბედეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ.
47ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე.’“
48ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული.
49მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა უფლის სიტყვა.
50ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, დაიწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან.
51მათ კი დაიბერტყეს ფეხის მტვერი და მივიდნენ იკონიაში.
52ხოლო მოწაფეები აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.

Šiuo metu pasirinkta:

საქმე. 13: GEO02

Paryškinti

Dalintis

Palyginti

Kopijuoti

None

Norite, kad paryškinimai būtų įrašyti visuose jūsų įrenginiuose? Prisijunkite arba registruokitės