YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 3

3
სიბრძნის სიკეთე
1შვილო ჩემო! ჩემს რჯულს ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
2რადგან დღეგრძელობას და ცხოვრების წლებს და მშვიდობას შეგმატებენ შენ.
3წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, შეიბი ისინი ყელზე, დაიწერე შენი გულის ფიცარზე.
4და მოიპოვებ მადლს და კეთილ გაგებას ღვთისა და ადამიანის თვალში.
5დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი.
6ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.
7ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში, გეშინოდეს უფლის და უკუიქეც ბოროტებისაგან.
8კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და გამაგრილებელი შენი ძვლებისა.
9პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი ჭირნახულის პირველნაყოფიდან,
10და გაივსება შენი ბეღლები მოსავლით და მაჭარი შენი საწნახელიდან გადმოვა.
11უფლის დარიგებას, შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება.
12ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს!
13ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი – ჭკუის მომხვეჭელი!
14რადგან მისი საზღაური ვერცხლის საზღაურს სჯობს და მისი მოსავალი – წმიდა ოქროს.
15ის მარგალიტებზე ძვირფასია, და არანაირი შენი საწადელი არ შეედრება მას.
16დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მის მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი.
17მისი გზები საამური გზებია და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა.
18სიცოცხლის ხეა ის მათთვის, ვინც ეჭიდება მას, და მას მინდობილნი ნეტარნი არიან.
19უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცა.
20თავისი ცოდნით ჯურღმულები გაიპო და ღრუბელნი ცვარს აფრქვევენ.
21შვილო ჩემო, ნუ მოშორდება შენს თვალებს – დაიცავი გონიერება და განსჯა.
22და იქნება ისინი სიცოცხლე შენი სულისათვის და სამკაული შენი ყელისათვის.
23მაშინ ივლი უსაფრთხოდ შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება.
24როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.
25ნუ შეგეშინდება უეცარი შიშისა და ბოროტეულის თავდასხმისა, როცა მოვა,
26რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და დაიცავს შენს ფეხს შებორკვისაგან.
27ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება.
28ნუ ეტყვი მოყვასს: „წადი და ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ,“ თუ თანა გაქვს.
29ნუ განიზრახავ შენი მოყვასისათვის ბოროტს, თუ ის დანდობილად ცხოვრობს შენთან.
30ნუ ედავები ადამიანს უმიზეზოდ, თუ მას ბოროტით არ მოუზღავს შენთვის.
31ნუ შეგშურდება მოძალადესი და ნუ ამოირჩევ ნურც ერთს მის გზათაგან.
32რადგან სისაძაგლეა უფლის წინაშე მრუდი, წრფელებთან კი მეგობრობს იგი.
33უფლის წყევლაა ბიწიერის სახლზე, ხოლო მართალთა ბინას აკურთხებს იგი.
34თუ მასხარებს ამასხარავებს, თავმდაბლებს აძლევს იგი მადლს.
35ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ხოლო ბრიყვნი დამცირებას მიიღებენ.

Currently Selected:

იგავ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy