YouVersion Logo
Search Icon

მსაჯ. 13

13
მეშვიდე განდგომა
1ისრაელიანები ისევ აკეთებდნენ ბოროტებას უფლის თვალში; და უფალმა ფილისტიმელთა ხელში ჩაჰყარა ისინი ორმოც წელიწადს.
2და იყო მაშინ ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, და სახელად მანოახი ერქვა; და ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა.
3და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა მას: „აჰა, შენ, ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ.
4და ახლა გაფრთხილდი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, და უწმიდური არაფერი ჭამო.
5რადგან აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, და სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდანვე, და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“
6და მოვიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: „ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, ძალზე საპატიო; არ მიკითხავს მისთვის სადაურობა, და არც თვითონ მითხრა თავისი სახელი.
7და მითხრა: ‘დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; და არ დალიო ღვინო და თაფლუჭი და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდან მის სიკვდილამდე.’“
8და ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს, და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება.“
9და უსმინა ღმერთმა მანოახს, და ხელახლა მოვიდა ღვთის ანგელოზი ამ ქალთან, როცა იგი მინდორში იჯდა, და მანოახი, მისი ქმარი, არ იყო მასთან.
10და სწრაფად გაიქცა ქალი შეატყობინა თავის ქმარს: „აჰა, გამომეცხადა კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.“
11და ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს და მივიდა იმ კაცთან და უთხრა მას: „შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკე?“ და უთხრა: „მე ვარ.“
12და უთხრა მანოახმა: „ახლა, შენი სიტყვა რომ ახდება, რა უნდა იყოს ამ ყრმის ცხოვრების წესი და საქმე?“
13და უფლის ანგელოზმა უთხრა მანოახს: „ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი.
14და ვაზისაგან მოწეულს არაფერს გაეკაროს, ღვინო და თაფლუჭი არ დალიოს, უწმიდური არაფერი ჭამოს. ყველაფერი, რაც მას ვამცნე, შეასრულოს.“
15და უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: „ნება გვიბოძე დაგაყოვნოთ და თიკანი მოგიმზადოთ.“
16და უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ გავტეხ. თუ სრულადდასაწველის გამზადება გინდა, აღავლინე.“ რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
17და ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: „რა არის შენი სახელი? რათა, შენი სიტყვა რომ ახდება, განგადიდოთ.“
18და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რისთვის მეკითხები სახელს? საკვირველია იგი.“
19და აიღო მანოახმა თიკანი და პურეულის ძღვენი, და აღუვლინა ქვაზე უფალს, და მან მოახდინა სასწაული. და მანოახი და მისი ცოლი უყურებდნენ.
20როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. და მანოახი და მისი ცოლი, ეს რომ დაინახეს, პირქვე დაემხნენ მიწაზე.
21გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახსა და მის ცოლს. და მაშინ მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
22და უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „სიკვდილით მოვკვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ.“
23და უპასუხა ცოლმა: „უფალს ჩვენი სიკვდილი რომ ნდომებოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან სრულადდასაწველსა და პურეულის ძღვენს და არ დაგვანახვებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერ ამას.“
24და შობა იმ ქალმა ძე, და უწოდა მას სახელად სამსონი, და წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.
25და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.

Currently Selected:

მსაჯ. 13: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy