Logo YouVersion
Ikona vyhledávání

Exodus 5

5
1მერე მივიდნენ მოსე და აარონი და უთხრეს ფარაონს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა დღესასწაული გამიმართონო უდაბნოში.“ 2და თქვა ფარაონმა: „ვინ არის უფალი, რომ ვისმინო მისი და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ!“ 3და უთხრეს: „ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.“ 4და უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: „მოსე და აარონ! რად აცდენთ ხალხს თავიანთ საქმეს? გასწით თქვენს სამუშაოზე.“ 5და კვლავ თქვა ფარაონმა: „ბევრნი არიან ახლა ამ მიწის ხალხი და თქვენ აცდენთ მათ სამუშაოებისაგან.“ 6და უბრძანა ფარაონმა იმავე დღეს აღმასრულებლებს და ხალხის ზედამხედველებს ასე: 7„ამიერიდან ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს აგურის საკეთებლად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით; წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე. 8ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ შეუმციროთ. თორემ მთლად გაზარმაცდნენ; დგანან და ყვირიან: წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო!“ 9დაუმძიმდეს შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდეს, რომ ვეღარ მიუგდოს ყურს ცდუნების სიტყვებს.
10და გამოვიდნენ ხალხზე დაყენებული აღმსრულებელნი და ზედამხედველნი, და გამოუცხადეს ხალხს: „ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს. 11წადით, მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან თქვენს სამუშაოს არაფერი მოაკლდება.“ 12და მოედო ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ. 13აღმსრულებელნი აჩქარებდნენ და ეუბნებოდნენ: „ყოველდღიურად ისევე შეასრულეთ თქვენი სამუშაო, როგორც მაშინ, როცა ბზე გეძლეოდათ.“ 14და სცემდნენ ისრაელიან ზედამხედველებს, რომელნიც დაუდგინეს ხალხს ფარაონის აღმსრულებლებმა, და ეუბნებოდნენ: „რატომ არ მოჭერით დაწესებული რაოდენობის აგური არც გუშინ და არც დღეს, რამდენსაც ადრე ჭრიდით?“
15და მივიდნენ ისრაელიანი ზედამხედველნი და შეჰღაღადეს ფარაონს: „რად ექცევი ასე შენს მსახურებს? 16ბზე აღარ ეძლევათ შენს მსახურებს, აგურის მოჭრას კი სთხოვ. და, აჰა, სცემენ შენს მსახურებს. შენს ხალხზეა ცოდვა.“ 17და თქვა ფარაონმა: „უქნარები ხართ თქვენ, უქნარები! ამიტომ ამბობთ: წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო უფალს. 18ახლა კი გასწით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგურის დაწესებული რაოდენობა კი უნდა ჩაგვაბაროთ!“ 19დაინახეს ისრაელიანმა ზედამხედველებმა, რომ გასაჭირში არიან, რადგან ებრძანათ, რომ არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად მოსაჭრელი აგურის რაოდენობასო.
20და როცა ფარაონისგან გამოვიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად იდგნენ. 21უთხრეს მათ: „უფალმა გიხილოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს და ჩვენს დასახოცად მახვილი მიეცით ხელში.“
22მიუბრუნდა მოსე უფალს და თქვა: „უფალო, რად უყავი ბოროტი ამ ხალხს? რად გამომაგზავნე მე? 23მას აქეთ, რაც მე ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკა, გაუბოროტდა იგი ამ ხალხს, შენ კი არ იხსენი შენი ხალხი.“

Právě zvoleno:

Exodus 5: ქბსვ

Zvýraznění

Sdílet

Kopírovat

None

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas