Logo de l'Aplicació de la Bíblia
Icona de cerca

სიბრძნე სოლომონისა 12

12
1რადგანაც ყველაფერშია შენი უხრწნელი სული.
2ამიტომ თანდათანობით ამხელ შეცთომილთ
და შეახსენებ, რაში სცოდავენ; შეაგონებ, ზურგი აქციონ ბოროტებას და სწამდეთ შენი, უფალო.
3ძველი მკვიდრნი შენი წმი და მიწისა
4შეიძულე უგვანი ქცევის, ჯადოქრობისა და უწმინდური მსხვერპლშეწირვისთვის;
5შეიძულე ყრმათა უწყალო მჟლეტნი, ადამიანის შიგნეულს რომ ჭამდნენ და ხვრეპდნენ სისხლს სამსხვერპლო ღრეობებზე საიდუმლოდ თავშეყრილნი
6ისევე, როგორც უმწეო სულთა მკვლელი მშობლები. და ინებე ჩვენი მამა-პაპის ხელით ამოგეწყვიტა ისინი,
7რათა შენთვის ყველაზე ძვირფასი მიწა ღვთის შვილთა ღირსეულ სამკვიდროდ ქცეულიყო.
8მაგრამ ისინიც კი დაინდე, როგორც ადამიანები, რაკიღა შენს მხედრობაზე უმალ კრაზანები მიუსიე, რათა თანდათან გაევლოთ მუსრი მათთვის.
9თუმცა შეგეძლო უსჯულონი ბრძოლით დაგემონებინა მართალთათვის, ან საზარელი მხეცებითა თუ მრისხანე სიტყვით ერთბაშად მოგესრა ისინი.
10მაგრამ თანდათან რომ სჯიდი მათ, დროს აძლევდი სინანულისთვის, თუმცა იცოდი, რომ მათი მოდგმა უკეთურია, ბოროტება კი – თანდაყოლილი, და მათი ზრახვა უცვლელი დარჩებოდა უკუნისამდე.
11რადგანაც მათი თესლი დაწყევლილია დასაბამიდან, და შენ ვისიმე შიშის გამო როდი ტოვებდი დაუსჯელად მათ ცოდვებს.
12რადგანაც ვინ გეტყვის: რა ჩაიდინე, ან შენს მსჯავრს ვინ აღუდგება წინ? ვინ დაგდებს ბრალს შენს მიერვე შექმნილ ხალხთა დაღუპვისათვის? ან შენს წინაშე ვინ გამოექომაგება ცოდვილთ?
13რადგან არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაზე რომ ზრუნავდეს, ვისთვისაც უნდა გემტკიცებინა, რომ უსამართლოდ არავის სჯი.
14ვერცერთი მეფე, ვერც მბრძანებელი ვერას გკადრებს იმათ გამო, ვინც შენ დასაჯე.
15თავად მართალი მართლად განაგებ ყოველს, რადგანაც შენი ძალმოსილებისთვის უკადრისად მიგაჩნია იმისი დასჯა, ვინც არ იმსახურებს სასჯელს.
16ვინაიდან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია, და ის, რომ ყველაზე მბრძანებლობ, ყოვლისდანმდობად გაქცევს.
17შენს ძალას უჩვენებ იმას, ვისაც არა სწამს შენი ყოვლისმძლეობა, ხოლო შენს არმცნობს კადნიერებაში ამხელ.
18მაგრამ შენ, ძალის მფლობელი, ლმობიერად განგვსჯი და დიდსულოვნად გვმართავ, რადგან, როცა ინებებ, მაშინ გამოავლენ შენს ძალას.
19აი, ასე დამოძღვრე შენი ხალხი, რომ მართალი კაცთმოყვარე უნდა იყოს, და იმედი ჩაუნერგე მას, რომ სინანულს უწესებ ცოდვების გამოსასყიდად.
20რადგან თუ შენი შვილების მტრებს და სიკვდილით დასასჯელთ ასე ლმობიერად და სულგრძელად სჯიდი, რაკიღა საიმისოდ დროსა და შემთხვევას აძლევდი მათ, რომ ბოროტებას განდგომოდნენ,
21რაოდენ უფრო ფრთხილად განსჯი შენს შვილებს, რომელთა მამა-პაპასაც ფიცი მიეცი და სასიკეთო აღთქმა დაუდე.
22ჩვენ რომ შეგვაგონებ, ათასწილ უფრო მკაცრად სჯი ჩვენს მტრებს, რათა დამსჯელნი შენს სიკეთეზე ვფიქრობდეთ, ხოლო, როცა თვითონ ვისჯებით, შენი მოწყალების იმედი გვქონდეს.
23ამიტომაც მათივე სიბილწით აწამე უსამართლონი, უგუნური ცხოვრებით რომ ცხოვრობდნენ.
24რადგანაც მცდარი გზით მოარულთ შორს შეტოპეს და უჭკუო ბალღებივით მოტყუებულნი ღმერთებად მიიჩნევდნენ იმ ცხოველებს, რომლებიც თვით მტრებსაც კი სძაგდათ.
25ამიტომ, როგორც უგუნურ ყრმებს, გმობა მოუვლინე სასჯელად.
26მაგრამ რაკი მამხილებელი გმობითაც გონს ვერ მოეგნენ, რისი ღირსნიც იყვნენ, ღმერთმა ის სასჯელი დაატეხა თავს.
27იმავე ცხოველებისაგან სასომიხდილნი და ტანჯულ-წამებულნი, რომლებიც ღმერთებად მიაჩნდათ, იძულებულნი შეიქნენ ეღიარებინათ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც უწინ არ სცნობდნენ. ამიტომაც მოაწია მათზე უზენაესმა მსჯავრმა.

Subratllat

Copia

Compara

Comparteix

None

Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió