სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 7
7
1ნუ იქმ ბოროტს და არც შენ გეწევა ბოროტი.
2ერიდე უსამართლოს და ისიც გაგერიდება.
3შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებს და არ მოიმკი შვიდმაგად მის ნაყოფს.
4ნუ სთხოვ უფალს ხელმწიფებას და ნურც მეფეს – საპატიო ადგილს.
5თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და ნურც მეფის წინაშე ბრძენობ.
6ნუ მიელტვი მსაჯულობას, რათა უმწეო არ აღმოჩნდე უსამართლობის წინაშე, არ შეუდრკე ძალმოსილს და არ დაიჩრდილოს შენი სიწრფელე.
7ნუ სცოდავ მოქალაქეთა მიმართ და ბრბოს წინაშე თავს ნუ დაიმცირებ.
8ორჯერ ნუ სცოდავ, რადგან ერთხელაც ვერ წაუხვალ სასჯელს.
9ნუ იტყვი: მოხედავს ჩემი ძღვენის სიმრავლეს და როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავს.
10ნუ სულმოკლეობ ლოცვისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულუბელყოფ.
11ნუ დასცინი სულგამწარებულ კაცს, რადგან არსებობს დამამცრობელიც და ზეამზიდველიც.
12ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს ექცევი ასე.
13ნუ შეთხზავ ნურავითარ სიცრუეს, რადგან სიკეთეს არ მოგიტანს მისი სიხშირე.
14მხცოვანთა საკრებულოში ნუ მრავალსიტყვაობ და ნურც სიტყვას გაიმეორებ ვედრების დროს.
15ნუ ითაკილებ მძიმე შრომას და ნურც მიწისმუშაკობას, უზენაესის მიერ დაწესებულს.
16ნუ შეერთვი ცოდვილთ სიმრავლეს. გახსოვდეს, რისხვა არ დაახანებს.
17მკაცრად დაიურვე სული შენი, რადგანაც ცეცხლი და მატლია მკრეხელთა სასჯელი.
18ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას – სუფირის ოქროზე.
19ნუ მიატოვებ ჭკვიან და კეთილ ცოლს, რადგანაც მისი მადლი ოქროზედაც უმეტესია.
20ბოროტს ნუ უყოფ ალალად მშრომელ მსახურს, ნურც შენთვის თავდადებულ მოჯამაგირეს.
21გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა, და ნუ აღუკვეთ მას თავისუფლებას.
22საქონელი გყავს? მიხედე, და თუ გჭირდება, დაიტოვე.
23ვაჟები გყავს? ასწავლე და სიყრმიდანვე მოახრევინე ქედი.
24ქალები გყავს? იზრუნე მათ ტანმრთელობაზე და ნუ უჩვენებ მხიარულ პირს.
25ქალი გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი.
26სასურველი ცოლი გყავს? ნუ გაუშვებ და საძულველს ნუ მიენდობი.
27მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს.
28გახსოვდეს, რომ მათი ნაშიერი ხარ. რას მიუზღავ მათ ამის სანაცვლოდ?
29მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს.
30მთელი ძალით გიყვარდეს შენი შემოქმედი და ნუ მიატოვებ მის მსახურთ.
31გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მას წილი, როგორც გებრძანა: ნათავარი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი და წმიდათა ნათავარი.
32გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა სრულიქნას შენი კურთხევა.
33მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ მკვდარსაც ნუ მოაკლებ მადლს.
34ნუ მოაკლდები მოზარეთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე.
35ნუ დაიზარებ სნეულის მონახულებას და ამის გამო შეგიყვარებენ.
36ყველა საქმეში გახსოვდეს შენი აღსასრული და აღარასოდეს სცოდავ.
S'ha seleccionat:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 7: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002