სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 1
1
1ყოველი სიბრძნე უფლისგანაა და მასთანაა უკუნისამდე.
2ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, წვიმის წვეთები და მარადისობის დღენი?
3ვინ გამოიკვლიოს ზეცის სიმაღლე, მიწის სიფართოვე და სიბრძნის უფსკრული?
4უწინარეს ყოვლისა აღმოცენდა სიბრძნე და კეთილგონიერება უკუნისიდან.
5ვის გამოუჩნდა ფესვი სიბრძნისა და ცბიერება ვინ შეიცნო?
6ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტზე დაბრძანებული.
7უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა, აღნუსხა და თავის ყველა საქმეს აპკურა იგი,
8ნიჭად მიმადლა ყოველ ხორციელს და უპირატესად – თავის მოყვარულთ.
9უფლის შიში დიდება და პატივია, ლხენა და გვირგვინი სიხარულისა.
10უფლის შიში დაატკბობს გულს, შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას მიანიჭებს.
11უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.
12უფლის შიში სიბრძნის სათავეა და საშოდანვე თან დაჰყვება მორწმუნეთ.
13კაცთა შორის დაიდო საუკუნო საფუძველი და მიენდობა მათ შთამომავლებს.
14უფლის შიში სიბრძნის სისავსეა, და გააძღებს მათ თავისი ნაყოფით,
15მთელ სახლს აუვსებს იმით, რაც სურთ, და სათავსებს – თავისი მონაგრით.
16უფლის შიში სიბრძნის გვირგვინია, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი.
17იხილა და აღნუსხა იგი, წვიმასავით ასხურა ცოდნა და გონიერება, და აამაღლა მისთა მფლობელთა დიდება.
18უფლის შიში სიბრძნის ფესვია და მისი კენწერო – დღეგრძელობა.
19ვერ გამართლდება უსამართლო რისხვა, რადგანაც თვით მრისხანებაა კაცის დაცემა.
20დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მოიმკის ჯილდოდ.
21დრომდე შეინახავს თავის სიტყვებს და მრავალთა ბაგენი იტყვიან კეთილგონიერებას მისას.
22უფლის შიში გაფანტავს ცოდვებს, არმოშიში კი ვერ გამართლდება.
23სიბრძნის საგანძურშია გონიერების იგავნი, ცოდვილს კი სძულს შიში უფლისა.
24თუ გსურს სიბრძნე, დაიცავი მცნებანი და უფალი მოგმადლებს მას.
25რადგანაც უფლის შიში სიბრძნეა და ცოდნა, ხოლო სასოება მისდამი – რწმენა და სიმშვიდე.
26ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას.
27პირში ნუ ელაქუცები ხალხს და დაუკვირდი შენს ბაგეებს.
28ნუ აიმაღლებ თავს, რომ არ დაეცე და შენს სულზე უპატიობა არ მოაწიო, რადგანაც უფალი გააცხადებს შენს საიდუმლოს და საკრებულოში დაგამხობს, რადგანაც შიშით არ მიეახლე მას და გული სავსე გქონდა მზაკვრობით.
S'ha seleccionat:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 1: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002