1კორ. 1

1
მოკითხვა კორინთოს ეკლესიას
1პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღვთის ნებით და ძმა სოსთენი,
2ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას – მათთან და ჩვენთან:
3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
მადლობა მადლისთვის
4მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში,
5იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,
6რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში,
7ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
8ვინც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლო იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
9სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
შეგონება განხეთქილების წიმააღმდეგ
10ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით.
11რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხისგან, რომ თქვენს შორის დავაა.
12მე ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
14მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოზისა,
15რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
16მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
17რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
ჯვარცმული ქრისტე ღვთის ძალაა და სიბრძნე
18ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
19რადგან სწერია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“
20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?
21ვინაიდან, რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით.
22რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
23ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას,
24ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს.
25რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი.
26ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.
27არამედ სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
28მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
29რომ არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
30იმისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისმიერ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
31რათა იყოს, როგორც სწერია: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს.“

Marker

Kopier

Sammenlign

Del

None

Vil du ha høydepunktene lagret på alle enhetene dine? Registrer deg eller logg på