YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 39

39
1გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი.
2მტკიცედ ვესავდი უფალს ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება,
3და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები,
4და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა – განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება უფლისა, და მიენდობა მას.
5ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
6უფალო, ღმერთო ჩემო, დიდია სასწაულნი, შენ რომ მოიმოქმედე, და ჩანაფიქრები ჩვენს მიმართ; ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე; – მაგრამ ძნელია სათქმელად.
7მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;
8მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში სწერია ჩემთვის.
9შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.“
10შენს სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს, აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
11შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში; შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი; შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
12შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.
13რადგან გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
14ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.
15დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, უკუიქცნენ და წახდნენ ჩემი ავის მდომნი;
16დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: „ოჰო, ოჰო!“
17გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს; შენი შველის მოყვარულებმა მუდამ თქვან: „დიდია უფალი!“
18ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. – ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.

Currently Selected:

ფსალმ. 39: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in