YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 17

17
ცდუნება, მიტევება, რწმენა და მორჩილება
1უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა.
2მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.
3ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე.
4დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“
5უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა.“
6თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ.
7რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს – მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო?
8განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
9ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.
10ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.“
მადლიერი სამარიელი და ცხრა უმადური
11ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.
12ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ.
13ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“
14ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს.“ როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.
15ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს.
16პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო.
17მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრა სადღა არის?
18როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“
19უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა.“
იმ დღეს, როცა ძე კაცისა გამოჩნდება
20ჰკითხეს მას ფარისევლებმა: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ.
21არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი.“
22უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.
23გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით.
24ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისა თავის დღეს.
25ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ.
26და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც:
27ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა.
28ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
29ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა.
30ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.
31იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება.
32გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
33ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას.
34თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება.
35ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვნენ, მეორე დარჩება.
36ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.“
37მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.“

Currently Selected:

ლუკ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy