Exodus 15
15
1მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელიანთ ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.#გცხ 15:3. 2ჩემი ძალა და გალობაა უფალი, ის არის ჩემი მხსნელი, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ვადიდებ მას.#ფს 118:14; ესა 12:2. 3უფალი მეომარია, უფალია სახელი მისი. 4ეტლები ფარაონისა და მისი ლაშქარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი დაიხრჩვნენ მეწამულ ზღვაში. 5მორევმა ჩაიხვია ისინი, ჩაიძირნენ ისინი სიღრმეში ლოდივით. 6მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს. 7და შენი განუზომელი სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულთ. გამოაგზავნე შენი მძვინვარება და მან ნამჯასავით გადაბუგა ისინი. 8შენ დაჰბერე და აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ღვარები, მორევები გამყარდა შუაგულ ზღვაში. 9თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’ 10შენ დაჰბერე და ზღვამ დაფარა ისინი. ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში. 11ვინ არის შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინ არის შენი სადარი, სიწმიდით დიდებულო, საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა? 12მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი. 13შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ. 14ისმინეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელიშთიმის მკვიდრნი. 15მაშინ შეძრწუნდნენ მთავრები ედომისა, მოაბის მთავრები აიტანა ძრწოლამ. შეკრთა ყველა მცხოვრები ქანაანისა. 16დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. შენი მკლავის სიძლიერემ დაადუმა ისინი, როგორც ლოდი, სანამ გაივლიდეს შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლიდეს ეს ხალხი, რომელიც შენ გამოისყიდე. 17მიიყვანე ის და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, შენი ხელით დაფუძნებულ საწმიდარში, მეუფეო. 18უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე!“ 19როცა შევიდნენ ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
20და აიღო მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, დაფდაფი ხელში და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით. 21ასე შეუძახა მათ მირიამმა: „უგალობეთ უფალს, რადგან ძალზე განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.“
22აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ შურის უდაბნოში. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის წყალი. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.#15:23 მარა ებრ. ‘მწარე’. 24და შესჩივლა ხალხმა მოსეს: „რა დავლიოთ?“ 25შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გამტკნარდა წყალი.
იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი. 26და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და შეისმენ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.“
27და მივიდნენ ელიმში. იქ იყო 12 წყაროსთვალი და ფინიკის 70 ხე, და დაიბანაკეს იქ, წყლებთან.
Právě zvoleno:
Exodus 15: ქბსვ
Zvýraznění
Sdílet
Kopírovat

Chceš mít své zvýrazněné verše uložené na všech zařízeních? Zaregistruj se nebo se přihlas
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა