Exodus 30
30
1და გააკეთე სამსხვერპლო საკმევლის საკმევად. აკაციის ხისაგან გააკეთე იგი. 2სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა. ოთხკუთხედი იყოს და სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს. სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყოს რქები. 3მოჭედე იგი ხალასი ოქროთი – მისი სახურავი, მისი კედლები და მისი რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ. 4ოქროს ორი რგოლი გაუკეთე გვირგვინის ქვემოთ, ორთავე გვერდზე. და იქნება ისინი კეტების გასაყრელად, რათა მათი მეშვეობით ატარონ. 5გათალე კეტები აკაციის ხისაგან და მოჭედე ოქროთი. 6დადგი იგი ფარდის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის, სარქვლის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადები შენ. 7აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი. დილდილობით, კანდელთა მომზადების ჟამს აკმიოს იგი. 8და როცა აანთებს აარონი კანდელებს მწუხრის ჟამს, აკმიოს იგი. ეს იყოს მუდმივ საკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობამდე. 9ნუ დაყრით მასზე უცხო საკმეველს, ნურც სრულადდასაწველს და ნურც პურეულის ძღვენს, და საღვრელს ნუ დაღვრით მასზე. 10და შეასრულებს გამოსყიდვის წესს აარონი მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის გამოსასყიდი სისხლით წელიწადში ერთხელ გამოისყიდის მასზე თაობიდან თაობამდე. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის.
11და უთხრა უფალმა მოსეს: 12როცა შეუდგები ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, მაშინ, აღრიცხვისას, მისცეს თითოეულმა გამოსასყიდი თავისი სულისა უფალს, და არ გაჩნდება მათში ჭირი აღრიცხვისას. 13ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, გაიღოს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელით, რომელიც იწონის 20 გერას. ნახევარშეკელი შესაწირავია უფლისა.#გამ 38:25,26; მთ 17:24. 14ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, 20 წლიდან და ზევით, მიართვას შესაწირავი უფალს. 15მდიდარმა არ გადაამეტოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც სწირავთ უფალს თქვენი სულების გამოსასყიდად. 16აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და მიეცი ის საკრებულო კარვის სამსახურისათვის. და ეს იქნება ისრაელიანთათვის სამახსოვროდ უფლის წინაშე თქვენი სულების გამოსასყიდად.
17და უთხრა უფალმა მოსეს: 18გააკეთე ბრინჯაოს საბანელი და ბრინჯაოს კვარცხლბეკი მისთვის. და დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.#გამ 38:8. 19და აარონმა და მისმა ძეებმა განიბანონ მასში ხელ-ფეხი. 20საკრებულო კარავში შესვლისას განიბანონ წყლით, რათა არ დაიხოცონ, ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ მსახურებისათვის, უფლის საცეცხლო შესაწირავის საკმევად. 21და განიბანონ ხელ-ფეხი, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობამდე.
22და უთხრა უფალმა მოსეს:#გამ 37:29. 23აიღე შენთვის საუკეთესო სურნელებანი: თხევადი მური 500 შეკელი და სურნელოვანი დარიჩინი მისი ნახევარი – 250, და სურნელოვანი ლერწამი – 250. 24კასია – საწმიდრის 500 შეკელი და ერთი ჰინი ზეითუნის ზეთი. 25და დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული. წმიდა მირონი იქნება იგი. 26და სცხე იგი საკრებულო კარავს და გამოცხადების კიდობანს, 27ტაბლას და ყოველ მის ჭურჭელს, და სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, და საკმევლის სამსხვერპლოს, 28და სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და საბანელს და მის კვარცხლბეკს. 29და განწმიდე ისინი და ყველა გახდება წმიდათა წმიდა. განიწმიდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება. 30სცხე აარონსა და მის ძეებს, და განწმიდე ისინი, რათა მღვდლობა გამიწიონ. 31ისრაელიანთ კი უთხარი, რომ ეს იქნება ჩემთვის წმიდა საცხებელი ზეთი თაობიდან თაობამდე. 32უცხო კაცის სხეულს არ ეცხოს, და მის მსგავს ნაზავს ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. წმიდაა იგი, სიწმიდე იყოს თქვენთვის. 33ვინც შეაზავოს მისი მსგავსი და ვინც სცხოს იგი უცხოს, მოიკვეთოს თავისი ერისაგან.“
34და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე შენთვის სურნელებანი: შტახსი, შეხელეთი, ქალბანა. სურნელებანი და წმიდა გუნდრუკი ტოლად უნდა იყოს. 35და გააკეთე მათგან საკმევლის ნაზავი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული, მარილნარევი, სუფთა, წმიდა. 36წვრილად დანაყე და დადე მოწმობის წინ საკრებულო კარავში, სადაც გამოგეცხადები. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის. 37არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის. 38ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთოს თვისი ერიდან.“
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013