Exodus 29

29
1აი, რა უნდა გააკეთო შენ მათ გასაწმედად, რომ მღვდლობა გამიწიონ: აიყვანე ერთი მოზვერი და ორი უხინჯო ვერძი. 2და აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი კვერები და ზეთნაცხები უფუარი ხმიადები, ხორბლის გამტკიცული ფქვილისაგან გამოაცხვე ისინი. 3და მოათავსე ერთ კალათაში, და მოიტანე ისინი კალათით. და მოიყვანე მოზვერი და ორი ვერძი. 4აარონი და მისი ძენი მიაახლე საკრებულო კარვის კარს და განბანე ისინი წყლით. 5და აიღე სამოსელი და შემოსე აარონი კვართით და ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით. წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი. 6თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის გვირგვინი მიუმაგრე თავსაბურველზე. 7და აიღე მირონი, დაასხი მას თავზე და სცხე მას. 8და მიაახლე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით. 9და შემოარტყი სარტყელი აარონსა და მის ძეებს, და დაახურე მათ დოლბანდები, და იყოს მათი მღვდლობა საუკუნო წესად. და აუვსე ხელი აარონსა და მის ძეთ.
10და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე. 11და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. 12და აიღე მოზვრის სისხლი და თითებით სცხე სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი დაღვარე სამსხვერპლოს ძირში. 13და აიღე მთელი ქონი, რაც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ და დაწვი სამსხვერპლოზე საკმევად. 14ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი ნეხვი დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი.
15და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 16და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ. 17ვერძი ნაჭრებად აქენი და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს. 18დაწვი საკმევად მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს უფლის სრულადდასაწველი მსხვერპლია, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლია უფლისათვის.#ეფს 5:2; ფლპ 4:18.
19და აიყვანე მეორე ვერძი და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 20და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოებს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურე სისხლი. 21აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და მიაპკურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელი, და მის ძეთა შესამოსელი მასთან ერთად.
22და აიღე ვერძის ქონი და დუმა, და ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონის ბადე, და ორივე თირკმელი, და ქონი, რომელიც მათ აკრავს, და მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს ვერძი ხელავსებისაა), 23და ერთი მთელი პური, და ერთი ზეთიანი ნამცხვარი და ერთი კვერი ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა. 24და დაუწყვე ყოველივე აარონს და მის ძეთ ხელის გულებზე, და შეარხიე ისინი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. 25და აიღე ისინი მათი ხელიდან და აკმიე სამსხვერპლოზე სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე. იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისა.
26და აიღე ხელავსების ვერძის მკერდი, რომელიც აარონისაა, და შეარხიე იგი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და ეს იქნება შენი წილი. 27და განწმიდე მკერდი შესარხეველი შესაწირავისა და ბეჭი აღსამართავი შესაწირავისა, რომელიც შერხეულ და აღმართულ იქნა ხელავსების ვერძისა, რომელიც აარონისა და მისი ძეებისაა. 28და ეს იყოს აარონისა და მისი ძეებისთვის საუკუნო წესად ისრაელიანთაგან, რადგან ეს აღმართვაა და აღსამართავი შესაწირავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან. მათი სამშვიდობო მსხვერპლებიდან აღიმართოს იგი უფლისათვის.
29და წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, დარჩეს მის ძეებს მის შემდგომ, რათა მასში მიიღონ ცხება და ხელის ავსება. 30შვიდი დღე ემოსოს იგი მღვდელს, ვინც მის ნაცვლად იქნება მის ძეთაგან, რომელიც შევა საკრებულო კარვის წმიდაში მსახურებისთვის.
31ხელავსების ვერძი აიყვანე და მოხარშე მისი ხორცი წმიდა ადგილზე. 32და ჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა ხორცი ვერძისა და პური, რომელიც კალათშია, საკრებულო კარვის შესასვლელთან. 33და ჭამონ ის, რომლითაც მიღებული აქვთ მათ გამოსყიდვა ხელავსებისათვის და განწმედისათვის. უცხომ არ უნდა შეჭამოს, რადან წმიდაა იგი. 34და თუ დარჩება ხელავსების ხორცისაგან და პურისაგან დილამდე, მაშინ დაწვი მონარჩენი ცეცხლში. აღარ ჭამოთ, რადგან წმიდაა იგი.
35და ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის ძეებს, როგორც მე გიბრძანე: შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი. 36ცოდვის მოზვერი შესწირე ყოველდღე გამოსასყიდად და განწმიდე სამსხვერპლო შენი გამოსყიდვისას მასზე, და სცხე მას, რათა განწმიდო იგი. 37შვიდ დღეს ასრულებდე გამოსყიდვას სამსხვერპლოსთვის და განწმედდე მას. და იქნება სამსხვერპლო უწმიდესი. რაც კი მას მიეკარება, წმიდა გახდება ყველაფერი.
38აი რას შესწირავ სამსხვერპლოზე: წელგამოვლილ ორ კრავს ყოველდღე, მუდმივად. 39ერთი კრავი შესწირე დილით, ხოლო მეორე კრავი შესწირე საღამოთი, 40და მეათედი ეფა, გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ ზეთში შერეული, და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად თითო კრავზე. 41მეორე კრავი შესწირე მწუხრის ჟამს, მსგავსად დილის შესაწირავისა, და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი უფალს კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად. 42ეს სრულადდასაწველი მუდმივად იყოს თაობიდან თაობამდე საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით თქვენ, რათა გელაპარაკო.
43იქ გამოვეცხადები ისრაელიანთ და განიწმიდება ეს ადგილი ჩემი დიდებით. 44და განვწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს, და აარონს და მის ძეებსაც განვწმედ, რათა მღვდლობა გამიწიონ. 45და დავივანებ ისრაელიანთა შორის და ვიქნები მათი ღმერთი. 46და შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.

目前選定:

Exodus 29: სბს

醒目顯示

分享

複製

None

想在你所有裝置上儲存你的醒目顯示?註冊帳戶或登入