YouVersion
Pictograma căutare

გამ. 36

36
კარავი
1და გააკეთეს ბეცალელმა და აჰოლიაბმა და ყველა გულბრძენმა, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, რათა შეეცნოთ და ეკეთებინათ ყველა საქმე საწმიდრის სამუშაოსი, ყველაფერი, რაც უფალმა ბრძანა.
2და მოუხმო მოსემ ბეცალელსა და აჰოლიაბს, და ყოველ გულბრძენს, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე გულისა, ყველას, ვისაც გული მიუწევდა საქმის დასაწყებად და მის საკეთებლად.
3და აიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რომელიც მიიტანეს ისრაელის ძეთ საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად, და მათაც კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილდილობით.
4და მოვიდა ყოველი გულით ბრძენი საწმიდრის ყოველი სამუშაოს საკეთებლად, თითოეული თავის სამუშაოზე, ვინც რას აკეთებდა,
5და უთხრეს მოსეს ასე: „ხალხს მოაქვს მეტი, ვიდრე საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა.“
6და ბრძანა მოსემ, და გაავრცელეს ხმა ბანაკში ასე: „არც კაცმა და არც დედაკაცმა აღარაფერი აკეთოს საწმიდრის შესაწირისათვის.“ და შეწყვიტა ხალხმა მოტანა.
7და მარაგი საკმაო იყო ყველა საქმისათვის, რაც უნდა ეკეთებინათ, და მორჩა კიდეც.
8და გააკეთა ყოველმა გულბრძენმა, რომლებიც აკეთებდნენ კარავის საქმეს: ათი გადასაფარებელი გრეხილი ბისონის და ცისფერის, ძოწეულის და ჭიაფერის. გააკეთეს ქერუბიმები მათზე ოსტატური ნაკეთობით.
9სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო ოცდარვა წყრთა, და სიგანე – ოთხი წყრთა. ერთი ზომის იყო ყოველი გადასაფარებელი.
10და შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ერთიმეორესთან.
11და გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად.
12ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ეს მარყუჟები ესადაგებოდნენ ერთიმეორეს.
13და გააკეთა ორმოცდაათი ოქროს დუგმა და შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან დუგმებით, და გამოვიდა სავანე ერთიანი.
14და გააკეთა გადასაფარებლები თხისურისაგან სავანის გადასახურად. თერთმეტი გადასაფარებელი გააკეთა ასეთი.
15სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა იყო თითოეული გადასაფარებლის სიგანე. ერთი ზომის იყო თერთმეტივე გადასაფარებელი.
16და შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე.
17და გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე.
18და გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი დუგმა კარვის შესაერთებლად, რათა ყოფილიყო ერთიანი.
19და გააკეთა საფარი კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და მაჩვის ტყავების საფარი ზემოდან.
20და გააკეთა დასასმელი ძელები სავანისათვის აკაციის ხეთაგან.
21ათი წყრთა იყო სიგრძე ძელისა და ერთნახევარი წყრთა – სიგანე თითოეული ძელისა.
22ორი კოტა ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა კარვის ყოველ ძელს.
23და გააკეთა ძელები სავანისათვის, ოცი ძელი ნეგების მხარისაკენ, სამხრეთისაკენ.
24და ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ, ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ, ორივე მისი კოტასათვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ – მისი ორივე კოტასათვის.
25და სავანის მეორე მხრისათვის, ჩრდილოეთ მხარეს, გააკეთა ოცი ძელი.
26და მათი ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი – ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
27და სავანის უკანა მხარისათვის, დასავლეთისაკენ, გააკეთა ექვსი ძელი.
28და ორი ძელი გააკეთა სავანის კუთხეებისათვის, უკანა მხარეს.
29და შეერთებული იყო ისინი ქვემოთ და ერთად იყო შეერთებული ზევით ერთ რგოლთან. ასე გაუკეთა ორივეს ორივე კუთხეში.
30და იყო რვა ძელი მათი ვერცხლის კვარცხლბეკებითურთ, თექვსმეტი კვარცხლბეკი. ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ.
31და გააკეთა ძელაკები აკაციის ხეთაგან. ხუთი სავანის ძელთა ერთი გვერდისათვის,
32და ხუთი ძელაკი სავანის მეორე გვერდის ძელთათვის, დასავლეთით.
33და გააკეთა შუა ძელაკი გასაყრელად ძელთა შუაგულში ერთი ბოლოდან მეორემდე.
34ძელები მოჭედა ოქროთი და მათი რგოლებიც. სათავსები ძელაკებისათვის გააკეთა ოქროსგან და ისინიც მოჭედა ოქროთი.
35და გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან. ოსტატური ნაკეთობით გააკეთა მასზე ქერუბიმები.
36და გაუკეთა მას ოთხი სვეტი აკაციისა და მოჭედა ისინი ოქროთი და ოქროს დუგმებით. და ჩამოასხა მათთვის ოთხი კვარცხლბეკი ვერცხლისა.
37და გააკეთა ფარდა კარვის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან, მქარგავის ნაკეთობით.
38და ხუთი სვეტი მისთვის დუგმებით. და მოჭედა მათი თხემები და მათი რკალები ოქროთი. მათი ხუთი კვარცხლბეკი სპილენძისაგან იყო.

Selectat acum:

გამ. 36: GEO02

Evidențiere

Copiază

Compară

Împărtășește

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te