YouVersion Logo
Search Icon

Matthew 4

4
1მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად.#ებრ 2:18; 4:15. 2და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. 3და მიუხდა მას მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“
4ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“#რჯ 8:3; მთ 4:4.
5მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. 6და უთხრა მას: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას.’“ #ფს 90:11,12.
7უთხრა მას იესომ – დაწერილია ასევე: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“#რჯ 6:16. 8წაიყვანა კვლავ იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. 9და უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე.“
10მაშინ ეუბნება მას იესო: „განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: ‘უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ #რჯ 6:13.
11მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.
12როდესაც გაიგო იესომ, რომ იოანე საპყრობილეშია, წავიდა გალილეას.#მთ 14:3; მრკ 6:17; ლკ 3:19,20. 13და დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალემის საზღვრებში,#იო 2:12. 14რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
15„ზებულონის მიწავ და ნეფთალემის მიწავ, ზღვისპირა გზავ იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეავ!#ესა 9:1,2. 16ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, და სიკვდილის ქვეყანასა და ჩრდილში მსხდომთ ნათელი გამოუბრწყინდა.“
17იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“#მთ 3:2.
18ხოლო როდესაც გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ისინი ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ. 19და ეუბნება მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.“ 20და მათ მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. 21იქიდან რომ წამოვიდა, დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი, ზებედეს ძე, და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ, და მოუხმო მათ. 22და მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.
23და დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.#მთ 9:35; მრკ 1:39. 24და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებითა და სატანჯველით შეპყრობილი, ეშმაკეული, მთვარეული, დამბლადაცემული და ის კურნავდა მათ. 25და აედევნა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან,#4:25 ათქალაქიდან სამარიისა და გალილეის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქების ჯგუფი, სადაც გაბერძნებულები ცხოვრობდნენ. იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.

Currently Selected:

Matthew 4: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy