Exodus 4
4
1და თქვა მოსემ: „არ დამიჯერებენ, არ მოისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?“ 2უთხრა უფალმა: „რა გიჭირავს ხელში?“ მიუგო: „კვერთხი.“ 3და თქვა უფალმა: „დააგდე მიწაზე!“ და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაერიდა მას მოსე. 4და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით.“ მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში. – 5„ამით ირწმუნებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.“
6და კვლავ უთხრა მას უფალმა: „ჩაიყავი ხელი უბეში!“ და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც უკან ამოიღო, მისი ხელი თოვლივით თეთრი იყო კეთრისგან. 7და უთხრა მან: „ჩააბრუნე ხელი უბეში!“ და ჩააბრუნა ხელი უბეში. და უკან რომ ამოიღო ხელი უბიდან, თავისი ფერი დაბრუნებოდა ხორცს. – 8„თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან. 9თუ არ ერწმუნენ ამ ორ სასწაულს და არ გაიგონეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და დაღვარე მიწაზე. და ის წყალი სისხლად იქცევა მიწაზე.“
10და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მსახურს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.“ 11და უთხრა უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან თვალხილულს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი? 12ახლა წადი და მე ვიქნები შენთან და გასწავლი, რაც უნდა ილაპარაკო.“ 13უთხრა მოსემ: „გევედრები, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე.“ 14განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? მე ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს, და აჰა, იგი გამოვა შენს შესახვედრად, და როცა დაგინახავს, გულით გაიხარებს. 15შენ ილაპარაკებ მასთან და ეტყვი, რაც უნდა თქვას. და მე ვიქნები შენთან და მასთან, და გასწავლით, რაც უნდა გააკეთოთ. 16და ილაპარაკებს ის ხალხთან შენს ნაცვლად. და ის იქნება შენთვის ბაგე, და შენ იქნები მისთვის ღმერთი. 17და ეგ კვერთხი ხელში გეჭიროს, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.“
18და წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: „წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან, თუ არა.“ და უთხრა ითრომ მოსეს: „მშვიდობით გევლოს.“ 19და უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც შენს სიკვდილს ლამობდა.“ 20და ადგა მოსე, შესხა თავისი ცოლ-შვილი სახედარზე და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. და ეჭირა მოსეს ღვთის კვერთხი ხელში.
21და უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელთ მოგეცი. მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ის ხალხს. 22და უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ჩემი პირმშო ძეა ისრაელი. 23და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!’“#გამ 12:29.
24გზაში, ღამისსათევში, დახვდა მოსეს უფალი და მოკვლა დაუპირა. 25და აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა დაუცვითა შვილს და შეახო მოსეს ფეხთ, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ ჩემი.“ 26და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო.“
27და უთხრა უფალმა აარონს: „წადი, შეეგებე მოსეს უდაბნოში.“ წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა. 28და მოუთხრო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც იგი მოავლინა, და ყოველი სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა. 29და წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელის ძეთა ყველა უხუცესი. 30და მოუთხრო აარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა მოსეს, და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ. 31და ირწმუნა ხალხმა. და გაიგეს, რომ მოხედა უფალმა ისრაელის ძეთ და დაინახა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს მათ და თაყვანი სცეს.
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013