YouVersion
Pictograma căutare

ლევ. 14

14
კეთრისგან განწმედის შესაწირავები
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„ეს იქნება რჯული კეთროვანისა: მისი გასუფთავდების დღეს მიყვანილ იქნეს იგი მღვდელთან.
3და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ და, თუ დაინახავს იგი, რომ კეთროვანი განიკურნა კეთრისაგან,
4მაშინ უბრძანებს მღვდელი: აყვანილ იქნეს გასასუფთავებელისთვის ორი ცოცხალი ფრინველი, წმიდა, და კედრის ხე, და ძოწეულის ფერის ძაფი და უსუპი.
5და უბრძანებს ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში გამდინარ წყალზე.
6ცოცხალ ფრინველს იგი აიყვანს კედრის ხითა და ძოწეულის ფერის ძაფითურთ, და უსუპით, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში, რომელიც დაკლულია გამდინარ წყალზე.
7და მოასხურებს კეთრისაგან განწმედილს შვიდჯერ და მიიჩნევს მას სუფთად, და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ველზე.
8„განსაწმიდავებელმა გაირეცხოს სამოსელი და გაიკრიჭოს მთელი თმა და განიბანოს წყლით, და გახდება სუფთა. და შემდეგ მივიდეს ბანაკში და დაყოს კარვის გარეთ შვიდი დღე.
9და მეშვიდე დღეს გაიპარსოს მთელი თმა, თავი და წვერი, და თვალთა წარბები, და მთელი თმა გაიპარსოს, და გაირეცხოს სამოსელი და განიბანოს სხეული წყლით, და გახდება სუფთა.
10„და მერვე დღეს აიყვანოს ორი უმანკო კრავი და ერთი დედალი ცხვარი, წელგამოვლილი, უმანკო, და ეფის სამი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან პურეულ ძღვნად, ზეთში შერეული, და ერთი საწყაული ზეთისა.
11და განმასუფთავებელი მღვდელი დააყენებს გასასუფთავებელ კაცს და მათ უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12„და აიღებს მღვდელი ერთ კრავს და შესწირავს მას დანაშაულის შესაწირავად, და შეარხევს მათ უფლის წინაშე.
13და დაკლავს კრავს იმ ადგილზე, სადაც კლავენ ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს, წმიდა ადგილზე. რადგან მსგავსად ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის ეს მსხვერპლი ეკუთვნის მღვდელს. წმიდათა წმიდაა ის.
14და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლიდან და დაადებს მას მღვდელი გასასუფთავებლის მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერა თითზე.
15და აიღებს მღვდელი ზეთის საწყაულიდან და დაისხამს თავის მარცხენა ხელისგულზე,
16და ამოავლებს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, და მოასხურებს ზეთით თავისი თითით შვიდჯერ უფლის წინაშე.
17დანარჩენი ზეთიდან, რომელიც მის ხელისგულზეა, დაადებს გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერა თითზე, დანაშაულის მსხვერპლის სისხლზე.
18ხოლო ნარჩენი ზეთისა, რომელიც მღვდლის ხელისგულზეა, დაადოს მან გასასუფთავებელს თავზე და შეუნდობს მას უფლის წინაშე.
19„და შესწირავს მღვდელი ცოდვის მსხვერპლს და შეუნდობს გასასუფთავებელს მის უწმიდურებას. და მერე დაკლას სრულადდასაწველი.
20და აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველს და პურეულ ძღვენს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი.
21„თუ ღარიბია იგი და ხელი არ მიუწვდება, მაშინ აიყვანოს ერთი კრავი დანაშაულის მსხვერპლად, შესარხევად თავისი შენდობისათვის. და ეფის მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილისა, ზეთში აზელილი, პურეულ ძღვნად, და საწყაული ზეთისა,
22და ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა, რაზეც მიუწვდება ხელი, და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად.
23„და მიიტანოს ისინი თავისი გასუფთავების მერვე დღეს მღვდელთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, უფლის წინაშე.
24და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის კრავს და ზეთის საწყაულს, და შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე.
25და დაკლავს კრავს დანაშაულის მსხვერპლად, და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლს, და დაადებს გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, და მისი მარჯვენა ხელის ცერზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერზე.
26და დაისხამს მღვდელი თავის მარცხენა ხელისგულზე.
27და მოასხურებს მღვდელი თავის მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე.
28და დაადებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მისი მარჯვენა ხელის ცერზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერზე, იმ ადგილზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლია.
29ნარჩენ ზეთს, რომელიც მღვდლის ხელისგულზეა, იგი დაადებს გასასუფთავებელს თავზე, მისი შენდობისათვის უფლის წინაშე.
30და შესწირავს გვრიტთაგან ერთს ან მტრედის მართვეთაგან, იმათთაგან, რაზეც მიუწვდება ხელი,
31რაზეც მიუწვდება ხელი – ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად პურეულ ძღვენთან ერთად; და შეუნდობს მღვდელი გასასუფთავებელს უფლის წინაშე.“
32ესაა რჯული იმისა, ვისაც კეთროვანი წყლული აქვს და ვისაც ხელი არ მიუწვდება თავის გასუფთავებისას.“
33და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
34„რაჟამს შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენს სამფლობელოდ, და მე მოვგვრი კეთროვან წყლულს თქვენი სამფლობელო ქვეყნის სახლს,
35წავიდეს ის, ვისიცაა სახლი, და განუცხადოს მღვდელს: ‘თითქოს წყლული მეჩვენა სახლში.’
36და უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, ვიდრე მივა იგი წყლულის სახილველად, რათა არ გაუწმიდურდეს ყოველივე, რაც სახლშია. და მერე მივა ის სახლის სახილველად.
37და იხილავს წყლულს, და ნახავს, რომ წყლული სახლის კედლებზეა, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად. და მათი სახე ჩაღრმავებულია კედლებში,
38გავა მღვდელი სახლიდან სახლის შესასვლელისკენ და ჩაკეტავს სახლს შვიდი დღით.
39მეშვიდე დღეს კვლავ მივა და, თუ დაინახავს, რომ წყლული გავრცელდა სახლის კედლებზე,
40უბრძანებს იგი და ამოტეხენ ქვებს, რომლებზეც წყლულია, და გადაყრიან მათ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე.
41და სახლს გადაფხეკენ შიგნიდან ირგვლივ, და გადააპნევენ მტვერს, რომელიც მოფხიკეს, ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე.
42და აიღებენ სხვა ქვებს და ჩადგამენ იმ ქვათა ადგილზე და აიღებენ სხვა გასალესს, და გალესენ სახლს.
43„თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოტეხეს ის ქვები, გადაფხიკეს სახლი და გალესეს,
44და მივა მღვდელი და დაინახავს, რომ წყლული გავრცელდა სახლზე, მაშინ კეთრი გესლოვანია სახლში, უწმიდურია იგი.
45დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, მისი ხეები, და მთელი ბათქაში სახლისა გაიტანონ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე.
46„და შემსვლელი იმ სახლში იმ დღეებში, რა დროითაც ჩაჰკეტეს იგი, უწმიდურია საღამომდე.
47მწოლიარემ იმ სახლში, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი. და მჭამელმა იმ სახლში, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი.
48„და თუ მოვა მღვდელი და დაინახავს, რომ წყლული სახლზე არ გავრცელდა სახლის გალესვის შემდეგ, მღვდელი მიიჩნევს სახლს სუფთად, რადგან წყლული განიკურნა.
49და აიღებს იგი სახლის გასასუფთავებლად ორ ფრინველს და კედრის ხეს, და ძოწეულის ფერის ძაფს, და უსუპს.
50და დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელზე, გამდინარე წყალზე.
51და აიღებს კედრის ხესა და უსუპს, და ძოწეული ფერის ძაფს, და ცოცხალ ფრინველს, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში და გამდინარე წყალში, და მოასხურებს სახლს შვიდგზის.
52და გაასუფთავებს სახლს ფრინველის სისხლით და გამდინარე წყლით, და ცოცხალი ფრინველით, და კედრის ხით, და უსუპით და ძოწეულის ფერის ძაფით.
53და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ ველზე, და შეუნდობს სახლს, და გასუფთავდება იგი.“
54ეს არის რჯული კეთრისა და ქეცისა და ყოველი წყლულისა.
55და სამოსლისა და სახლის კეთრისა.
56სიმსივნისა, ქეცისა და ლაქისა.
57რათა მიეთითოს, როდის არის უწმიდურება და როდის სისუფთავე. ესაა კეთრის რჯული.

Selectat acum:

ლევ. 14: GEO02

Evidențiere

Copiază

Compară

Împărtășește

None

Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te