YouVersion လိုဂို
ရွာရန္ အိုင္ကြန္

Numbers 15

15
1და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„გამოუცხადე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე თქვენ დასამკვიდრებლად გაძლევთ, 3და მიიტანთ საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის – სრულადდასაწველს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღესასწაულების დროს, უფლისათვის სურნელების საკმევად, ნახირიდან შესწირავთ თუ ფარიდან, 4შესწიროს შემწირავმა თავისი შესაწირავი უფალს: შესაწირავი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა – ეფის მეათედი, მოზელილი მეოთხედ ჰინ ზეთში. 5და მოიტანე ღვინო საღვრელად სრულადდასაწველთან ერთად და საკლავთან ერთად – მეოთხედი ჰინი თითო კრავზე. 6ხოლო როცა ვერძს შესწირავ, მასთან ერთად მიიტანე პურეულის შესაწირავი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ეფის ორი მეათედი, მოზელილი ჰინის მესამედ ზეთში, 7და საღვრელად მიიტანე ღვინო ჰინის მესამედი კეთილსურნელებად უფლისათვის. 8და თუ მოზვერი მიგყავს სრულადდასაწველად ან საკლავ მსხვერპლად, აღთქმის აღსასრულებლად, ან სამადლობელო მსხვერპლად უფლისათვის, 9მოზვერთან ერთად უნდა მიიტანო ძღვენი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ეფის სამი მეათედი, მოზელილი ნახევარ ჰინ ზეთში. 10და მიიტანე საღვრელი ღვინო ნახევარი ჰინი საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
11ასე გააკეთე ყოველი ზვარაკის, ვერძის, თიკნის ან კრავის შეწირვისას. 12რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით. 13ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს ეს, როცა მიიტანს საცეცხლო მსხვერპლს კეთილსურნელებად უფლისათვის; 14და თუ თქვენი ხიზანი, ან სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენთან, და მოიტანს საცეცხლო მსხვერპლს კეთილსურნელებად უფლისათვის, როგორც თქვენ აკეთებთ, მანაც ისე გააკეთოს. 15თქვენთვის, უფლის თემისთვის, და ხიზნისთვის, რომელიც თქვენშია, ერთი წესია, მარადიული წესი თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე. 16ერთი კანონი და ერთი სამართალი უნდა იყოს თქვენთვის და ხიზნისთვის, რომელიც შემოხიზნულია თქვენთან.“#ლევ 24:22.
17და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 18„დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც მე მიმყავხართ, 19და შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, შესაწირავი უნდა აძლიოთ უფალს. 20პირველგამომცხვარი კვერი თქვენი ცომისა შესწირეთ შესაწირად. როგორც კალოს შესაწირავი, ისე შესწირეთ იგი. 21თქვენი პირველგამომცხვარი ცომისაგან აძლიეთ უფალს შესაწირავი თაობიდან თაობამდე.
22და თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ მცნებას, რომელიც უფალმა უთხრა მოსეს, 23ყოველივე, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს მეშვეობით, იმ დღიდან, რაც თქვენ და თქვენს მოდგმას გიანდერძათ უფალმა, 24და თუ თემის უყურადღებობით მოხდა ეს შეცდომა, მთელმა თემმა მოამზადოს ერთი მოზვერი სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლისათვის, და მისი პურეულის ძღვენი და მისი საღვრელი წესისამებრ, და ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად. 25და შეუნდოს მღვდელმა ისრაელიანთა მთელ თემს, და მიეტევება მათ, რადგან ეს შეცდომა იყო; და მათ მიიტანეს თავიანთი შესაწირავი უფლის წინაშე საცეცხლო მსხვერპლად და ცოდვის მსხვერპლად მათი შეცდომისათვის. 26და მიეტევება ისრაელიანთა მთელ თემსა და ხიზანს, რომელიც შეხიზნულია მათთან, რადგან მთელმა ხალხმა შეცდომით გააკეთა ეს.
27და თუ ერთი ვინმე შესცოდავს შეცდომით, შესწიროს წელგამოვლილი დედალი თიკანი.#ლევ 4:27-31. 28და შეუნდობს მღვდელი შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას. 29ისრაელიანი მკვიდრისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენთანაა შემოხიზნული, ერთი წესი იყოს შეცდომის ჩამდენისათვის. 30ის კი, ვინც თავხედურად მოიქცევა, მკვიდრთაგან იქნება ის თუ ხიზანთაგან, და უფალს დაგმობს, მოიკვეთოს ის თავისი ხალხიდან, 31რადგან უფლის სიტყვა შეურაცხყო და მისი მცნება დაარღვია. შემუსვრით შეიმუსროს ის კაცი, მისი ცოდვა მის კისერზეა.“
32როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს. 33და მათ, ვინც ის შეშის შემგროვებელი ნახეს, მიჰგვარეს ის მოსეს, აარონსა და მთელ თემს; 34და ჩასვეს ის საპყრობილეში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ უნდა მოქცეოდნენ მას. 35და უთხრა უფალმა მოსეს: „უნდა მოიკლას ეს კაცი. ქვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა ბანაკს გარეთ.“ 36გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლა; და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
37და უთხრა უფალმა მოსეს: 38„დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი, რომ გაიკეთონ ფოჩები სამოსის კალთებზე და ასე ატარონ თაობიდან თაობამდე, და ჩააწნან სამოსის კალთის ფოჩებში ლურჯი ძაფი.#რჯ 22:12. 39და გქონდეთ ის ფოჩები სამოსლის კალთებზე, რომ მის დანახვაზე გაიხსენოთ ყოველი მცნება უფლისა და აღასრულოთ ისინი და არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც გიბიძგებენ მრუშობისაკენ, 40რათა გახსოვდეთ და აღასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას, და იყოთ წმიდები თქვენი ღმერთისათვის. 41მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენი ღმერთი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“

လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု

Numbers 15: სბს

အေရာင္မွတ္ခ်က္

မၽွေဝရန္

ကူးယူ

None

မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ