Numbers 12
12
1და როცა ხაცეროთში იყვნენ, მირიამმა და აარონმა გაკილეს მოსე ქუშელი ცოლის გამო, რადგან ქუშელი ქალი შეირთო მან ცოლად. 2და თქვეს: „განა მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც კი არ გველაპარაკებოდა?“ და ესმა ეს უფალს. 3ხოლო მოსე იყო ძალზე თავმდაბალი კაცი დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე მეტად. 4უეცრად უთხრა უფალმა მოსეს, აარონსა და მირიამს: „გამოდით სამივე საკრებულო კარავთან.“ და გავიდა სამივე. 5და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, და დადგა კარვის შესასვლელთან, და მოუხმო აარონსა და მირიამს, და ორივე გავიდა. 6და უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი უფლის წინასწარმეტყველი, მე, უფალი, ხილვაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. 7მაგრამ ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მას მინდობილი აქვს მთელი ჩემი სახლი.#ებრ 3:2. 8მასთან მე პირისპირ ვლაპარაკობ, ცხადლივ და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი.
და როგორ არ გეშინიათ ჩემი მსახურის, მოსეს, წინააღმდეგ ლაპარაკისა?“ 9და აღინთო რისხვა უფლისა მათ მიმართ, და წავიდა იგი.
10და ღრუბელი განშორდა კარავს. და აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. და შეხედა აარონმა მირიამს, და აჰა, კეთრი მოსდებია მას. 11და უთხრა აარონმა მოსეს: „გევედრები, ბატონო ჩემო, ნუ დაგვსჯი, ასე უგუნურად რომ მოვიქეცით და შევცოდეთ. 12ნუ დაემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, რომელიც თავისი დედის საშოდან მკვრადშობილი გამოდის.“ 13და შეჰღაღადა მოსემ უფალს: „ღმერთო, გევედრები, განკურნე იგი!“ 14მაგრამ უფალმა უთხრა მოსეს: „მამამისს რომ მისთვის სახეში შეეფურთხებინა, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? დაე, შვიდ დღეს დაიმალოს ბანაკს გარეთ, და შემდეგ დაბრუნდეს.“#რცხ 5:2,3. 15და გაიყვანეს მირიამი ბანაკს გარეთ შვიდი დღით. და ხალხი მირიამის დაბრუნებამდე არ აყრილა, რომ გზას გასდგომოდა. 16შემდეგ დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და დაბანაკდა ფარანის უდაბნოში.
လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု
Numbers 12: სბს
အေရာင္မွတ္ခ်က္
မၽွေဝရန္
ကူးယူ
မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013