Numbers 11
11
1და დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინავა უფლის გასაგონად, და ესმა ეს უფალს და აღეგზნო მისი რისხვა, და გაჩნდა იქ უფლის ცეცხლი, და შთანთქა ბანაკის განაპირი. 2და შეჰღაღადა ხალხმა მოსეს; და ილოცა მოსემ უფლის მიმართ და დაცხრა ცეცხლი. 3და უწოდეს სახელი იმ ადგილს თაბერაყი#11:3 ებრ. დამწვარი. რადგან იქ აენთო უფლის ცეცხლი.
4ჭრელი ბრბო, მათ რომ გამოჰყვა ეგვიპტიდან, აჰყვა გულისთქმას; და მათთან ერთად ისხდნენ ისრაელიანები ტიროდნენ და ამბობდნენ: „ვინ გვაჭმევს აქ ხორცს? 5გვახსოვს თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე კიტრი და ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი. 6ახლა კი სული გვძვრება შიმშილით, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.“
7მანანა იყო როგორც ქინძის თესლი და თეთრი, შესახედად ჭირხლივით იფინებოდა#გამ 16:31. 8ხალხი გადიოდა და აგროვებდა მას, და ფქვავდა დოლაბებზე, ან ნაყავდა როდინებში და ხარშავდა ქვაბებში, და მის კვერებს აცხობდა, გემო ზეთიანი კვერისა ჰქონდა. 9და როცა ღამით ნამი დააწვებოდა ბანაკს, მანანაც მაშინ გადმოდიოდა.#გამ 16:13-15.
10მოსეს ესმოდა, რომ ხალხი ტიროდა თავიანთ ოჯახებში, თითოეული თავისი კარვის კართან. მაშინ აინთო რისხვა უფლისა ფრიად, და შეწუხდა მოსე. 11და უთხრა მოსემ უფალს: „რად უბოროტე შენს მსახურს ასე? რად ვერ ვპოვე წყალობა შენს თვალში, მთელი ამ ხალხის ტვირთი რომ მე ამკიდე? 12მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი მუცლით? მე ხომ არ მიშვია ისინი, რომ მეუბნები, ძიძასავით უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მათ მამებს რომ აღუთქვიო ფიცით? 13სადა მაქვს ხორცი, რომ მივცე ამ ხალხს, რომ შემომტირიან და ამბობენ: ხორცი მოგვეცი, რომ ვჭამოთო? 14არ ძალმიძს მე მარტოს მთელი ამ ხალხის ტარება, რადგან მძიმეა ეს ჩემთვის. 15თუ შენს თვალში წყალობა მიპოვია, თუ ასე მექცევი, ბარემ მომკალი, რათა არ ვუყურებდე ჩემს გაჭირვებას.“
16და უთხრა უფალმა მოსეს: „შემიკრიბე 70 უხუცესი ისრაელიანთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და ზედამხედველებად იცნობ; მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ. 17ჩამოვალ და ვილაპარაკებ იქ შენთან, და ავიღებ იმ სულის ნაწილს, რომელიც შენზეა, და მათზე მოვავლენ, რათა ატარონ შენთან ერთად ხალხის ტვირთი, რომ შენ არ ატარო მარტომ. 18ხალხს კი უთხარი: ‘განიწმიდეთ ხვალისათვის და ხორცი გექნებათ საჭმელად, რადგან ტიროდით უფლის გასაგონად და ამბობდით: ვინ მოგვცემსო ხორცს საჭმელად? რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში.’ მოგცემთ უფალი ხორცს საჭმელად, 19არა ერთ და ორ დღეს, არა ხუთ დღეს, და არა ათ დღეს, და არა ოც დღეს, 20არამედ მთელ თვეს, სანამ ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგეზიზღებათ, რადგან შეურაცხყავით უფალი, რომელიც თქვენს შორისაა, და მოსთქვამდით მის წინაშე და ამბობდით: რისთვის გამოვედითო ეგვიპტიდან?“ 21და თქვა მოსემ: „600 ათასი ფეხოსანია ამ ხალხში, რომელთა შორისაც მე ვარ, და შენ ამბობ: მე მივცემო მათ ხორცს და მთელ თვეს ექნებათ საჭმელად. 22რამდენი ცხვარი და ძროხა უნდა დაუკლა მათ, რომ ეყოთ? ან იქნებ მთელი ზღვის თევზი შეუგროვო მათ, რომ ეყოთ?“ 23უთხრა უფალმა მოსეს: „ნუთუ მოკლეა ხელი უფლისა? ახლა იხილავ, ასრულდება თუ არა ჩემი სიტყვა.“
24და გამოვიდა მოსე და მოუთხრო ხალხს უფლის სიტყვები, და შეკრიბა 70 კაცი ხალხის უხუცესთაგან, და დააყენა ისინი კარავთან. 25და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, და ელაპარაკა მას და აიღო ნაწილი იმ სულისა, რომელიც იყო მასზე, და მოჰფინა იგი 70 უხუცესს. და როცა დაივანა მათზე სულმა, იწყეს წინასწარმეტყველება, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს.
26და დარჩა ორი კაცი ბანაკში; სახელი ერთისა იყო ელდადი, სახელი მეორისა – მედადი. და დაივანა მათზე სულმა. ისინი იყვნენ აღწერილთაგან, მაგრამ არ გასულან კარავთან. და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ ბანაკში. 27და მოირბინა ერთმა ჭაბუკმა, და აუწყა მოსეს და უთხრა: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში. 28და მიუგო იესო ნავეს ძემ, რომელიც მოსეს მსახური იყო სიყრმიდან, და უთხრა: „ბატონო ჩემო, მოსე, შეაჩერე ისინი.“ 29და უთხრა მას მოსემ: „ხომ არ ეჭვიანობ ჩემს გამო? ნეტავ უფლის მთელი ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, და უფალი თავის სულს მათაც მოჰფენდეს.“ 30და დაბრუნდნენ მოსე და ისრაელის უხუცესნი ბანაკში.
31და ამოვარდა ქარი უფლისაგან და მორეკა მწყერი ზღვიდან, და დაყარა იგი ბანაკთან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, თითქმის ორი წყრთის სისქეზე მიწის პირიდან. 32და ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და მთელ მეორე დღეს. ვინც ცოტას აგროვებდა, ათი ხომერი შეაგროვა. და შემოიწყვეს თავისთვის ის ბანაკის გარშემო. 33მაგრამ ხორცი ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ, ჯერ არ დაეღეჭათ, რომ უფლის რისხვა აინთო ხალხზე, და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს. 34და უწოდეს იმ ადგილს სახელად კიბროთ-ჰათაავა, რადგან იქ დაასაფლავეს სულსწრაფი ხალხი. 35და დაიძრა ხალხი კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისაკენ.
လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု
Numbers 11: სბს
အေရာင္မွတ္ခ်က္
မၽွေဝရန္
ကူးယူ
မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013