გამ. 25
25
უფალი უბრძანებს მოსეს
სამსხვერპლოს აგებას
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„უთხარი ისრაელის ძეთ, რომ ამიკრიფონ შესაწირავი. ყოველი კაცისგან, ვისაც გული ეტყვის, ამიკრიფეთ შესაწირავი.
3და ესაა შესაწირავი, რასაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
4და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი, სელი და თხისური,
5და ცხვრის ტყავები წითელი და მაჩვისა და აკაციის ხე,
6და გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და საკმევლისათვის.
7ქვები სარდიონი და ქვები ჩასასმელი ეფოდისთვის და სამკერდულისათვის.
8და გამიკეთონ მე საწმიდარი და დავივანებ მათ შორის.
9ყოველივე, როგორც მე გიჩვენებ შენ სავანის ნიმუშად ყოველი მისი ჭურჭლის ნიმუშად, ეგრე გააკეთე.
10და გააკეთეთ კიდობანი აკაციის ხეთაგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა მისი სიგანე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიმაღლე.
11და მოჭედე იგი წმიდა ოქროთი. შიგნიდან და გარედან მოჭედე იგი. და გაუკეთე ზემოთ ოქროს გვირგვინი ირგვლივ.
12და ჩამოასხი მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი, და მიამაგრე ოთხ ქვედა კუთხეზე: ორი რგოლი მის ერთ მხარეს და ორი რგოლი მის მეორე მხარეს.
13და გააკეთე კეტები აკაციის ხისაგან, და მოჭედე ისინი ოქროთი.
14და გაუყარე კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, რათა ატაროთ კიდობანი მათი საშუალებით.
15კიდობნის რგოლებში კეტები უნდა იყოს, არ მოსცილდეს მას.
16და ჩადევით კიდობანში მოწმობა, რომელსაც მოგცემ შენ.
17და გააკეთე თავსარქველი წმიდა ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიგანე.
18და გააკეთე ორი ქერუბიმი: ოქროთი ჭედურად. თავსარქველთან დასხით ქერუბიმები მის ორივე კიდეზე.
19და დასვი ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე და ერთი ქერუბიმი – მეორე კიდეზე. დასხით ქერუბიმები თავსარქვლის ორივე კიდეზე.
20და იქნებიან ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და დაფარავენ თავიანთი ფრთებით თავსარქველს. პირისახეები ერთმანეთისკენ ექნებათ. თავსარქვლისაკენ იქნება ქერუბიმების პირისახეები.
21და დააფარე თავსარქველი კიდობანს ზევიდან. და ჩადევი კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ.
22და გამოგეცხადები შენ იქ და დაგელაპარაკები თავსარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა, ყოველივეზე რასაც გამცნებ შენ ისრაელის ძეთათვის.
23და გააკეთე ტაბლა აკაციის ხისაგან. ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე და წყრთა მისი სიგანე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიმაღლე.
24და მოჭედე იგი წმიდა ოქროთი, და გაუკეთე მას ოქროს გვირგვინი ირგვლივ.
25და გაუკეთე მას ჩარჩო ირგვლივ ხელისგულის სიმაღლის, და გაუკეთე ოქროს გვირგვინი მის ჩარჩოს ირგვლივ.
26და გაუკეთე მას ოქროს ოთხი რგოლი, და მიამაგრე რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან.
27ჩარჩოსთან იყოს რგოლები სათავსებით კეტებისთვის, მაგიდის სატარებლად.
28და გააკეთე კეტები აკაციის ხისაგან, და მოჭედე ისინი ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ ტაბლა.
29და გააკეთე მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ჯამები, და მისი ტოლჩები საღვრელისთვის, წმიდა ოქროსაგან გააკეთე ისინი.
30და დებდე ამ ტაბლაზე საწინაშეო პურს ჩემს წინაშე მუდამ.
31და გააკეთე სასანთლე წმიდა ოქროსაგან. ჭედური გაკეთდეს სასანთლე, მისი შვერილი და მისი ტოტი, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე უნდა იყოს.
32და ექვსი ტოტი გამოდიოდეს მისი გვერდებიდან: სამი ტოტი სასანთლისა მისი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი სასანთლისა მისი მეორე გვერდიდან.
33სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვს ტოტზე, რომელნიც გამოდიან სასანთლიდან.
34და თვით სასანთლეზე – ოთხი ნუშისებრი თასი, მისი კვირტები და მისი ყვავილები.
35და მისი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, და კიდევ ერთი კვირტი მისი ორი ტოტის ქვეშ, სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისათვის.
36მათი კვირტები და მათი ტოტები იქნება მისგანვე, მთლიანად ერთი ჭედურობით, წმიდა ოქროთი.
37და გააკეთე შვიდი კანდელი მისი და აანთე მისი კანდელები, რათა ანათებდეს მის წინ.
38და მისი მაშები, და მისი აქანდაზები იყოს წმიდა ოქროსი.
39ერთი ტალანტი წმიდა ოქროსგან გაკეთდეს იგი მთელ ამ ჭურჭელთან ერთად.
40იცოდე, გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გიჩვენე მთაზე.
Selectat acum:
გამ. 25: GEO02
Evidențiere
Copiază
Compară
Împărtășește
Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002