Numbers 14
14
1ატეხა მოთქმა მთელმა თემმა და ტიროდა ხალხი იმ ღამეს; 2და დრტვინავდა ყოველი ისრაელიანი მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავ ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით! 3რატომ მივყავართ უფალს იმ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი ცოლ-შვილი ტყვედ ჩავარდება? არ აჯობებს, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ?“ 4და უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში.“
5და დაემხნენ მოსე და აარონი პირქვე ისრაელიანთა მთელი კრებულის წინაშე.
6და ქვეყნის მზვერავთაგან იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ შემოიხიეს სამოსელი 7და უთხრეს ისრაელის მთელ თემს: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ფრიად, ფრიად კარგი ქვეყანაა. 8თუ მოწყალეა ჩვენს მიმართ უფალი, მაშინ შეგვიყვანს იმ ქვეყანაში და მოგვცემს იმ მიწას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. 9ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ იმ ქვეყნის ხალხისა, რადგან ჩვენი ლუკმაა ის; განშორდა მათ მათი მფარველი, ხოლო უფალი ჩვენს შორის არის. ნუ გეშინიათ მათი.“#ებრ 3:16. 10და თქვა მთელმა თემმა: ჩავქოლოთო ესინი!
მაშინ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა მარისხებდეს ეს ხალხი? და როდემდე არ უნდა მერწმუნოს იგი ყველა იმ სასწაულის შემდეგ, რაც მათ შორის მოვახდინე? 12მოვსრავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ, შენგან კი შევქმნი ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს.“ 13და უთხრა მოსემ უფალს: „გაიგებენ ეგვიპტელნი, რომელთაგანაც შენი ძლიერებით გამოიყვანე ეს ხალხი,#გამ 32:11-14. 14და ეტყვიან იმ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ შენ, უფალი, თვალდათვალ ეცხადები და ღრუბელი შენი ადგას მათ, და ღრუბლის სვეტში წინ მიუძღვიხარ მათ დღისით, და ცეცხლის სვეტში – ღამით, 15და თუ შენ ერთიანად გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომლებსაც სმენიათ შენი დიდება: 16‘რაკი უფალმა ვერ შეძლო ამ ხალხის მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც მან ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.’ 17და ახლა, განდიდდეს ძალა უფლისა, როგორც შენ თქვი: 18‘უფალი მრავლის მომთმენი და მრავალმოწყალეა, მიმტევებელია ბრალისა და დანაშაულისა, და არამც და არამც არ გაამართლებს დამნაშავეს, მამათა ცოდვას შვილების მესამე და მეოთხე თაობას მოჰკითხავს.’#გამ 20:5,6; 34:6,7; რჯ 5:9,10; 7:9,10.
19გთხოვ, მიუტევო ეს დანაშაული ამ ხალხს შენი დიადი მოწყალებისამებრ, როგორც მიგიტევებია ამ ხალხისთვის ეგვიპტიდან ვიდრე აქამდე.“
20და უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია შენი სიტყვისამებრ; 21მაგრამ მე ცოცხალი ვარ და უფლის დიდებით აღვსილია მთელი ქვეყანა, #ებრ 3:18. 22რომ ვერცერთი ამ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი სასწაულები, რაც მოვახდინე ეგვიპტეში და უდაბნოში, და ვინც მე ათჯერ გამომცადა და არ ისმინა ჩემი ხმა, 23ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. და ვერც ერთი ჩემი შეურაცხმყოფელი ვერ იხილავს მას. 24მხოლოდ ქალებს, ჩემს მსახურს, რაკი სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც დადიოდა თვითონ, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.#ისნ 14:9-12. 25ყამალეკელნი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.“
26და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: 27„როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი თემი ჩემს მიმართ? გავიგონე ისრაელიანთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ჩემს მიმართ. 28უთხარი მათ: ‘ვფიცავ! – ამბობს-თქო უფალი, – როგორც თქვენ ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით თქვენ. 29ამ უდაბნოში დაცვივა თქვენი გვამები და თქვენ ყველა, აღრიცხულნი მთელი თქვენი რიცხვიდან, 20 წლიდან და ზევით, რომლებიც დრტვინავდით ჩემზე,#ებრ 3:17. 30ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ იქ, გარდა ქალებისა, იეფუნეს ძისა, და იესოსი, ნავეს ძისა. 31თქვენს ბავშვებს კი, რომლებზეც ამბობდით: ნადავლად იქცევიანო, შევიყვან იქ, და შეიცნობენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ. 32და თქვენი გვამები დაცვივა ამ უდაბნოში. 33და თქვენი ძენი იხეტიალებენ უდაბნოში 40 წელიწადს და ეწამებიან თქვენი მეძაობისთვის, სანამ არ გაიხრწნება თქვენი გვამები უდაბნოში.#საქ 7:36. 34იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით: 40 დღე, თითო წელი თითო დღეზე, თქვენი ცოდვებისათვის 40 წელი ეწამებით და გამოსცდით, თუ რას ნიშნავს ჩემგან მიტოვება. 35მე, უფალი, ვამბობ და ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც ამბოხდა ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში დაასრულებენ ისინი სიცოცხლეს და აქ დაიხოცებიან.’“
36და ის კაცები, რომელნიც მიავლინა მოსემ ქვეყნის დასაზვერად, რომლებიც დაბრუნდნენ და აღაშფოთეს მის წინააღმდეგ მთელი თემი იმ ქვეყანაზე ცუდი ხმების დაყრით, 37ის კაცები, რომლებმაც ცუდი ხმები დაყარეს იმ ქვეყნის შესახებ, სენით დაიხოცნენ და უფლის წინაშე დაეცნენ. 38მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე გადარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომელნიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
39როცა მოსე ამ სიტყვებს ელაპარაკებოდა ისრაელიანთ, ხალხი ძლიერ დამწუხრდა. 40ადგნენ დილაადრიანად და გაეშურნენ მთის თხემისაკენ და თქვეს: წავიდეთ იმ ადგილისაკენ, რომელზეც თქვა უფალმა, რადგან ჩვენ შევცოდეთო. 41ხოლო მოსემ უთხრათ: „რად გადადიხართ უფლის ბრძანებას? აქედან არაფერი გამოვა. 42ნუ ახვალთ, რომ არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე, რადგან უფალი თქვენს შორის არაა; 43რადგან ყამალეკნი და ქანაანელნი დაგიხვდებიან და მახვილით დაეცემით, რადგან ზურგი აქციეთ უფალს, და არ იქნება ის თქვენთან.“ 44მაგრამ ისინი გაკადნიერდნენ და ავიდნენ მთის თხემზე. ხოლო უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან. 45და ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იმ მთაზე, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს.
လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု
Numbers 14: სბს
အေရာင္မွတ္ခ်က္
မၽွေဝရန္
ကူးယူ
မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013