YouVersion လိုဂို
ရွာရန္ အိုင္ကြန္

Leviticus 10

10
1და აიღეს აარონის ძეებმა: ნადაბმა და აბიჰუმ, თავ-თავისი საცეცხლურები, შიგ ჩაყარეს ცეცხლი და ზედ დააყარეს საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ უბრძანებია მათ მათთვის. 2და გამოვარდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი, და დაიხოცნენ ისინი უფლის წინაშე. 3უთხრა მოსემ აარონს: „ეს არის ის, რაც თქვა უფალმა: ‘ჩემთან ახლოს მყოფთა მეშვეობით გამოვავლენ ჩემს სიწმიდეს და მთელი ხალხის წინაშე განვდიდდები.’“
და დუმდა აარონი.
4და მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის ძეთ, და უთხრა: „მიდით და გაიტანეთ თქვენი ძმები საწმიდრიდან ბანაკს გარეთ.“ 5მივიდნენ და გაიტანეს ისინი მათი სელის კვართებიანად ბანაკს გარეთ, როგორც მოსემ ბრძანა. 6და უთხრა მოსემ აარონსა და მის ძეთ: ელეაზარსა და ითამარს: „თმებს ნუ გაიგლეჯთ და სამოსელს ნუ შემოიხევთ, რათა არ დაიხოცოთ და რისხვა არ დაატყდეს მთელ თემს. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელ სახლს, შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც უფალმა დაწვა. 7საკრებულო კარვის შესასვლელს არ მოსცილდეთ, რათა არ დაიხოცნეთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთით ხართ ცხებულნი.“ და მოიქცნენ ისინი მოსეს სიტყვისამებრ.
8და ელაპარაკებოდა უფალი აარონს და უთხრა: 9„ღვინოსა და თაფლუჭს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი, როდესაც საკრებულო კარავში უნდა შეხვიდეთ, რათა არ დაიხოცოთ. ეს არის თქვენი საუკუნო წესი თაობიდან თაობამდე, 10რათა განასხვაოთ წმიდა უწმიდურისაგან უსუფთაო და სუფთა. 11და ასწავლოთ ისრაელიანთ ყოველი წესი, რომელიც უთხრა მათ უფალმა მოსეს მეშვეობით.“
12უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის დარჩენილ შვილებს: „აიღეთ პურეული ძღვენი, რომელიც დარჩა უფლის საცეცხლო შესაწირავიდან და ჭამეთ უფუარი საკურთხეველთან, რადგან უწმიდესია ის.#ლევ 6:14-18. 13ჭამეთ ის წმიდა ადგილზე, რადგან შენი წილი და შენს ძეთა წილია ეს უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან, რადგან ასე მებრძანა მე. 14და მკერდი შესარხეველი, და ბეჭი აღსამართავი ჭამეთ სუფთა ადგილზე შენ, შენმა ძეებმა და შენმა ასულებმა შენთან ერთად. რადგან შენს წილად და შენი შვილების წილადაა მოცემული ეს ისრაელიანთა სამშვიდობო მსხვერპლთაგან.#ლევ 7:30-34. 15აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი უნდა მიიტანონ ქონის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად უფლის წინაშე შესარხევად, და იყოს ეს მარადიულ წილად შენთვის და შენს ძეთათვის შენთან ერთად საუკუნო წესად, როგორც ბრძანა უფალმა.“
16და ცოდვის გამოსასყიდ ვაცს ეძებდა მოსე, მაგრამ იგი დამწვარი იყო. და განრისხდა იგი ელეაზარსა და ითამარზე, აარონის დარჩენილ ძეებზე: 17„რად არ ჭამეთ ცოდვის მსხვერპლი წმიდა ადგილზე? რადგან უწმიდესია იგი და მოგეცათ თქვენ, რათა წარიხოცოს თემის ცოდვები, მათ განსაწმედად უფლის წინაშე.#ლევ 6:24-26. 18აჰა, მისი სისხლი არ იქნა შეტანილი საწმიდარში. თქვენ უნდა გეჭამათ ის საწმიდარში, როგორც მე ვბრძანე.“ 19და უთხრა აარონმა მოსეს: „აჰა, დღეს შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე, და მაინც ეს შემემთხვა მე! თუ შევჭამ მე ცოდვის მსხვერპლს დღეს, ეს სათნო იქნება უფლის თვალში?“ 20და მოისმინა მოსემ და მოიწონა.

လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု

Leviticus 10: სბს

အေရာင္မွတ္ခ်က္

မၽွေဝရန္

ကူးယူ

None

မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ