YouVersion Logo
Search Icon

3 Maccabees 7

7
1„მეფე პტოლემეოს ფილოპატორი მშვიდობას უსურვებს და მოკითხვას უთვლის ეგვიპტის ყველა სარდალსა და ხელისუფალს. 2ჩვენი შვილებითურთ კარგად ვართ, რადგანაც მაღალი ღმერთი ჩვენი სურვილისამებრ წარმართავს ჩვენს საქმეს. 3ზოგიერთი ჩვენი მეგობარი თავისი ავისმზრახველობით ხშირად გვირჩევდა და გვარწმუნებდა ერთად მოგვეყარა თავი სამეფოს მკვიდრი იუდაელებისთვის და არნახული სასჯელით დაგვესაჯა ისინი, როგორც მოღალატენი. 4იმასაც დასძენდნენ, ჩვენს სამეფოს საშველი არ დაადგება, სანამ ამ საქმეს არ აღვასრულებთ, იმ სიძულვილის გამო, რასაც განიცდიან იუდაელები ყოველი ხალხის მიმართო. 5ამიტომაც ძალით წამოასხეს ბორკილდადებულნი, როგორც მონები, ან, უფრო სწორად, დამნაშავენი, ყოველგვარი გამოძიებისა და განკითხვის გარეშე აპირებდნენ მუსრი გაევლოთ მათთვის და უფრო სასტიკად ექცეოდნენ, ვიდრე სკვითებს ჰქონდათ წესად დამონებულთა ჩაგვრა. 6ჩვენ კი გადაჭრით ავუკრძალეთ ეს, იმ კეთილმოსურნეობის თანახმად, რასაც ყოველი ადამიანის მიმართ ვიჩენთ, და ამრიგად, სიცოცხლე ვაჩუქეთ იუდაელებს, ხოლო როდესაც დავრწმუნდით, რომ ცათა ღმერთი ისე მფარველობს მათ, როგორც მამა – შვილებს, 7როცა გავიხსენეთ მათი კეთილგანწყობილება ჩვენდამი და ჩვენი წინაპრების მიმართ, სამართლიანად მივიჩნიეთ, რომ ყოველგვარი ბრალდებისაგან გაგვეთავისუფლებინა ისინი. 8ამიტომაც ვუბრძანეთ თითოეულს ცალ-ცალკე და ყველას ერთად, თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ, ისე, რომ არსად არავის არა ევნო რა მათთვის და არც ის წამოეყვედრებინა, რაშიც ბრალი არ მიუძღვით. 9მაშ, იცოდეთ, თუკი რაიმე ბოროტს განიზრახავთ მათ წინააღმდეგ, ან თუნდაც შეურაცხყოფას მიაყენებთ მათ, აუცილებლად პასუხს მოგკითხავთ კაცი კი არა, არამედ ყოველი ძალის მბრძანებელი – უზენაესი ღმერთი. კარგად იყავით.“
10წერილი რომ ჩაიბარეს, იუდაელები არ აჩქარებულან გასამგზავრებლად, არამედ მეფეს სთხოვეს, რომ მათ თვისტომთათვის, რომელნიც ნებით განუდგნენ წმიდა ღმერთს, თავიანთი ხელით მიეგოთ სანაცვლო; 11თანაც დასძინეს, ვინც კუჭის გამო განუდგა ღვთიურ მცნებებს, იმათგან ნურც საქვეყნო საქმეში მოელიო ერთგულებას. 12მეფემაც შეიწყნარა მათი თხოვნა, თანხმობა განუცხადა და ნება მისცა მთელ მის სამეფოში მუსრი გაევლოთ ღვთის რჯულისაგან განდგომილთათვის, მეფის მოხელეთა ნებართვისა თუ ზედამხედველობის გარეშე. 13მაშინ, როგორც ეკადრებოდა, მადლი შესწირეს მეფეს, მღვდლებმა ხალხთან ერთად იგალობეს ალილუია და გახარებულნი წავიდნენ. 14ყველა წაბილწულ თვისტომს, ვისაც კი ხვდებოდნენ გზაზე, სხვებისთვის ჭკუის სასწავლად, სიკვდილით სჯიდნენ. 15იმ დღეს მუსრი გაავლეს სამასზე მეტ კაცს და ხარობდნენ, რომ სიცოცხლეს უსწრაფებდნენ უწმიდურთ. 16თვითონ კი, სიკვდილამდე ღვთის ერთგულნი და ხსნის სიხარულით სავსენი, სურნელოვან ყვავილთა გვირგვინებით შუბლშემკულნი გამოვიდნენ ქალაქიდან, აღტაცებით მღაღადებელნი მადლს სწირავდნენ და საგალობლებით ადიდებდნენ წინაპართა ღმერთს, ისრაელის მარადიულ მხსნელსა და მფარველს.
17როდესაც პტოლემაისში ჩავიდნენ, რომელსაც თავისებური ადგილმდებარეობის გამო როდოფოროსი ეწოდება, იქ, საერთო გადაწყვეტილებით შვიდი დღე ელოდნენ ხომალდები. 18იქაც გაშალეს სუფრა გადარჩენის აღსანიშნავად, რადგანაც მეფემ უხვად მოამარაგა ისინი საკმაო საგზლით, რომ შინ დაბრუნებამდე ჰყოფნოდათ. 19აქამდე მშვიდობით მოღწეულებმა სათანადო მადლი მიაგეს უფალს და გადაწყვიტეს აქ დგომის დღეებიც დღესასწაულად ექციათ; 20აკურთხეს ისინი და თავიანთი აღთქმის დასტურად იმ ადგილას, სადაც ინადიმეს, სვეტი აღმართეს, მერე კი ხმელეთით, ზღვით თუ მდინარით თავიანთი სახლებისაკენ გაემართნენ უვნებელნი, თავისუფალნი, სიხარულით სავსენი და მეფის ბრძანებით დაცულნი. 21სწორედ მაშინ მოიხვეჭეს უწინდელზე მეტი ძალა და დიდება, საშიშნი შეიქნენ მტრებისთვის და ვეღარავინ ბედავდა მათი საბადებლის მიტაცებას. 22ვისაც რა ჰქონდა, ყველამ დაიბრუნა, სიის მიხედვით; დიდი მოკრძალებით უბრუნებდნენ უკან, რადგანაც მათ სახსნელად დიადი საქმე მოიმოქმედა მაღალმა ღმერთმა. 23კურთხეულ იყოს ისრაელის მხსნელი უკუნისამდე. ამინ!

Currently Selected:

3 Maccabees 7: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy