YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 2

2
იესოს შობა
1იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო.
2ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას.
3ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში.
4იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო.
5რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო.
6მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები
7და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის.
8იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს.
9და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით.
10და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება:
11ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
12და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“
13და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
14„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“
15როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა.“
16გაჩქარებულნი მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ყრმა.
17როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე.
18ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები ეუბნებოდნენ მათ.
19მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში.
20და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ემცნოთ მათ.
მირქმა
21და როცა შესრულდა რვა დღე, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაერქვა მისი სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე.
22და როცა გასრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად.
23როგორც უფლის რჯულში სწერია: „ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს,
24და შესწირონ მსხვერპლად, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“
25და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე.
26სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე.
27შევიდა სულით ტაძარში და, როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა მოქცეოდნენ მას რჯულის წესისამებრ,
28მან მიირქვა ყრმა მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა:
29„ახლა კი გამიშვი, ბატონო, შენი მონა მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს.
30ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა,
31რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე,
32წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად.“
33იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი.
34და აკურთხა სიმონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში და საცილობელ ნიშნად.
35და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები.“
36და იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწადს ნაცხოვრები ქმართან.
37იყო იგი ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ.
38ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში.
39როცა აღასრულეს ყოველივე უფლის რჯულისამებრ, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
თორმეტი წლის იესო ტაძარში
40ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე.
41და დადიოდნენ მისი მშობლები ყოველ წელიწადს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე.
42და როცა თორმეტი წლისა გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ.
43ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუნდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, და არ იცოდნენ იოსებმა და მისმა დედამ.
44ეგონათ, რომ მგზავრთა შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის.
45რომ ვერ იპოვეს იგი, დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.
46სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.
47და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით.
48რომ დაინახეს იგი, გაუკვირდათ, და დედამისმა უთხრა მას: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ.“
49მან უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“
50ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რაც უთხრა მათ.
51და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.
52ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.

Currently Selected:

ლუკ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy