იოან. 3
GEO02

იოან. 3

3
ნიკოდემოსი იესოსთან
1იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის.“
3მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.“
4ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“
5მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.
6ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.
7ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი.
8ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.“
9ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ეს?“
10მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?
11ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას.
12თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
13არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია.
14როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა.
15რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
16რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ.
18ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა.
19განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები.
20ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები.
21ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.“
იოანე ნათლისმცემელი ისევ მოწმობს იესოზე
22ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეას ქვეყანაში, იქ დარჩა მათთან და ნათლავდა.
23იოანე კი ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ინათლებოდნენ.
24ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
25მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო.
26მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდენეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან.“
27მიუგო იოანემ და თქვა: „ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
28თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინ.
29ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა.
30ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე.
31მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა.
32რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.
33ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს.
35მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
36ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე.“

© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002

© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002


Learn More About ბიბლია