YouVersion Logo
Search Icon

გამ. 35

35
მოსეს მოწოდება
1და შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა მათ: „აჰა, სიტყვანი, რომელნიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, დასვენების შაბათი უფლისა. ყველა, ვინც ამ დღეს გააკეთებს საქმეს, მოკვდეს.
3არ დაანთოთ ცეცხლი არც ერთ თქვენს სამკვიდრებელში შაბათ დღეს.“
4და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: „აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
5გაიღეთ შესაწირავი უფლისათვის. ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირავი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
6მატყლი ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი, ბისონი, და თხისური.
7და ტყავი ვერძთა ალისფერი, და ტყავნი მაჩვისა და ხე აკაციისა,
8და ზეთი გასანათებლად, და სურნელი საცხებელი ზეთისათვის და კეთილსურნელება საკმევლისათვის.
9და ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის.
10და ყველა, გულით ბრძენი თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა.
11სავანე, მისი კარავი და მისი საფარველი, მისი დუგმები და მისი ძელები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები.
12კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა.
13ტაბლა და მისი კეტები, და ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
14და სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, და მისი კანდელები და ზეთი გასანათებლად.
15და სამსხვერპლო საკმევლისა და მისი კეტები, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი, და ფარდა კარვის შესასვლელისა.
16სამსხვერპლო სრულადდასაწველისა და ბადე სპილენძისა, რომელიც მისთვისაა, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, აბაზანა და მისი კვარცხლბეკი,
17საფარნი ეზოსი, მისი სვეტები და მათი კვარცხლბეკები, ფარდა ეზოს კარიბჭესთან.
18და სავანის პალოები და ეზოს პალოები და მათი საბელები.
19სამსახურებელი სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელნი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელნი მის ძეთათვის.“
20და გამოვიდა ისრაელის ძეთა თემი მოსესგან.
21და მოვიდა ყოველი კაცი, რომელსაც გული ეწეოდა, და თითოეული, ვისაც სული აღეძრა, და მიიტანეს შესაწირავი უფლისა საკრებულო კარვის გასამართავად და ყოველი მისი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისათვის.
22და მოდიოდნენ კაცები ქალებთან ერთად. ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები და საყურეები და ბეჭდები, და სამკაულები, ყოველი ჭურჭელი ოქროსი. და ყველა, ვისაც სურდა შესაწირავად ოქრო უფლისათვის.
23და ყველას, ვისაც კი ჰქონდა ცისფერი, მეწამული, ჭიაფერი ბისონი, და თხისური და ვერძთა ალისფერი ტყავები, მოჰქონდა.
24ყველას, ვინც კი სწირავდა ვერცხლის შესაწირავს და სპილენძისას, მიჰქონდათ უფლის შესაწირავი. და ყველას, ვისაც ჰქონდა აკაციის ხეები სამუშაოს ყოველი საქმისათვის, მიჰქონდათ.
25და ყოველი გულბრძენი დედაკაცი ართავდა თავისი ხელით და მიჰქონდა ნართი ცისფერი, მეწამული, ჭიაფერი და ბისონი.
26და ყოველი დედაკაცი, ვისაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
27და მთავრებს მოჰქონდათ სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისათვის,
28და სურნელება და ზეთი გასანათებლად და ზეთი საცხებლისათვის და საკმევლისათვის.
29და ყოველ მამაკაცსა და დედაკაცს, ვისაც გული უწევდა მისატანად ყოველი იმ საქმისათვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს ხელით, მიჰქონდათ ისრაელის ძეთ ნებაყოფლობითი შესაწირავი უფლისათვის.
ბეცალელი და აჰოლიაბი ხელმძღვანელობენ სამუშაოებს
30და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ: „შეხედეთ, მოუწოდა უფალმა სახელებით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.“
31და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
32რათა შეექმნათ ხელოვნებით ნაქსოვი ქსოვილი, დაემუშავებინათ ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
33და გამოეთალათ ქვები ჩასასმელად, და მოეხარატებინათ ხე და ყოველი სახელოვნო საქმე ეკეთებინათ;
34და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და აჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე ხარატისა და ხელოვანი მქსოველისა, და მქარგავისა ცისფერ, მეწამულ, ჭიაფერ და ბისონის ქსოვილზე. და ეკეთებინათ საქმე მქსოველისა, რომელიც ხელოვნებით ქსოვს.

Currently Selected:

გამ. 35: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in