გამ. 34
34
უფალი მთაზე იწვევს მოსეს
1და უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე შენთვის პირველთა მსგავსი ორი ქვის დაფა და მე დავწერ ამ დაფებზე სიტყვებს, რომელნიც იყო პირველ დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
2და იყავი მზად განთიადისას და ამოდი დილას სინაის მთაზე, და დადექი ჩემთან იქ, მთის წვერზე.
3ნურავინ ამოგყვება და ნურც ნურავინ გამოჩნდება მთელ მთაზე, ნურც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი ნუ მოძოვს ამ მთის პირას“.
4და გამოთალა მოსემ ორი ქვის დაფა, იმ პირველთა მსგავსი, და ადგა დილაადრიანად მოსე, და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა მას. და ეჭირა ხელში ორი დაფა.
5და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა [მოსე] მასთან იქ, და წარმოთქვა სახელი უფლისა.
6და გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი,
7ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას. დამნაშავეს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.“
8და ისწრაფა მოსემ და მოიდრიკა მიწამდე და თაყვანი სცა უფალს.
9და თქვა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მეუფეო, აბა წამოვიდეს მეუფე ჩვენთან ერთად, რადგან ეს ხალხი ქედფიცხელია. გვაპატიე ჩვენი ბრალი და ჩვენი ცოდვები, და გვაქციე შენს სამკვიდრებლად“.
უფალი განაახლებს აღთქმასა
და თავის ბრძანებებს
10და თქვა: „აჰა, მე ვდებ აღთქმას მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, რომელნიც არ მომხდარა მთელ დედამიწაზე არც ერთ ერში. და იხილოს ყოველმა ხალხმა, რომელთა შორისაც შენ ხარ, უფლის საქმე, რადგან საშინელია, რასაც მე შენთვის გავაკეთებ.
11დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს: აჰა, მე გავრეკავ შენი პირისაგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსეველებს.
12გაფრთხილდი, არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, რომელშიც შეხვალ, რათა არ გექცეს მახედ შენს შორის.
13მათი სამსხვერპლოები დაანგრიეთ და მათი სვეტები დალეწეთ, და მათი აშერები აჩეხეთ.
14რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, გარდა უფლისა, რადგან შურისმგებელია მისი სახელი, შურისმგებელი ღმერთია იგი.
15არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლთ თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ მსხვერპლს,
16და ნუ მოიყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეთათვის, რათა როდესაც იმეძავებენ მათი ასულნი თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ, შენმა ძეებმაც არ იმეძაონ მათი ღმერთების კვალდაკვალ.
17ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებ.
18დღესასწაული უფუარობისა დაიცავი: შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, დათქმულ დროს აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედი ეგვიპტიდან.
19საშოს ყოველი პირველგამპობი [ძე] ჩემია და ასევე ყოველი მამალი შენი ჯოგიდან, პირველმოგებული მოზვერიც და კრავიც.
20პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით და, თუ არ გამოისყიდი, გადაუმტვრიე კისერი. ყოველი პირმშო შენს ძეთაგან გამოისყიდე. და ნუ გამოჩნდებით ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
21ექვსი დღე იმუშავე და მეშვიდე დღეს დაისვენე. ხვნისა და მკის ჟამსაც დაისვენე.
22შვიდეულის დღესასწაული აღასრულე; იზეიმე პირველმოწეული ხორბლისა და რთვლის დღესასწაული წლის დამლევს.
23წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი მეუფის, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე,
24რადგან გავრეკავ ერებს შენი პირისაგან და განვავრცობ შენს საზღვარს, და არავინ ისურვებს შენს ქვეყანას, თუ გამოცხადდები უფლის, შენი ღმერთის წინაშე წელიწადში სამჯერ.
25გაფუებულზე ნუ დაღვრი ჩემი მსხვერპლის სისხლს და ნუ დატოვებ დილამდე საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს.
26პირველმოწეული ნაყოფი შენი მიწისა მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თვისი დედის რძეში.“
27და უთხრა უფალმა მოსეს: „დაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით დაგიდევი აღთქმა შენცა და ისრაელსაც.“
მოსე ჩამოდის მთიდან
28და იყო იქ უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
29და ორივე დაფა მოწმობისა ხელთ ეპყრა მოსეს ჩამოსვლისას სინაის მთიდან. და არ იცოდა მან, რომ ასხივებდა მისი სახე მასთან ლაპარაკის გამო.
30და იხილეს აარონმა და ყველა ისრაელის ძემ მოსე და ასხივებდა მისი სახე, და შეეშინდათ მასთან მისვლისა.
31და მოუხმო მათ მოსემ და დაბრუნდნენ მასთან აარონი და ყველა მთავარი თემისა, და ელაპარაკა მათ მოსე.
32და შემდეგ მიეახლა ყველა ისრაელის ძე და ამცნო მათ ყველაფერი, რასაც ელაპარაკა უფალი მას სინაის მთაზე.
33როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე.
34როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა.
35და ხედავდნენ ისრელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს თავის სახეზე, ვიდრე მივიდოდა მასთან სალაპარაკოდ.
Currently Selected:
გამ. 34: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002