YouVersion Logo
Search Icon

გამ. 33

33
მოსემ ბანაკს გარეთ გაშალა
საკრებულო კარავი
1და უთხრა უფალმა მოსეს: „წადით ახლა აქედან შენ და შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, იმ ქვეყანაში, რომელიც შევფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ მას.’
2წინ წაგიმძღვარებ ანგელოზს და გავრეკავ ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსეველებს.
3[და ის შეგიყვანთ] ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ხოლო მე თვითონ არ ამოვალ შენს შორის, რადგან ქედფიცხელი ხალხი ხარ შენ, რათა შენც არ მოგსპო გზაზე.“
4და ისმინა ხალხმა ეს მრისხანე სიტყვა და იგლოვეს, და არავინ მორთულა თავისი სამკაულებით.
5და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ქედფიცხელი ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიაროთ თქვენს შორის, მოგსპობთ. ახლა მოიხსენი შენი სამკაულები და მე ვიცი, რაც უნდა გიყო შენ.’“
6და ჩამოიხსნეს ისრაელის ძეთ თავიანთი სამკაულები ხორების მთასთან.
7და აიღო მოსემ კარავი და გაშალა თავისთვის ბანაკის გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა მას საკრებულო კარავი. და ყველა, ვინც ეძიებდა უფალს, გადიოდა საკრებულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იყო.
8და როცა გამოდიოდა მოსე კარავთან, დგებოდა მთელი ხალხი. და ჩერდებოდა თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და თვალს ადევნებდა მოსეს, ვიდრე იგი კარავში შევიდოდა.
9და როცა შედიოდა მოსე კარავში, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს.
10და ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს.
11და ელაპარაკებოდა [უფალი] მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს, და იგი ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ძე ნავესი, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს.
12და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მეუბნები, ‘გაუძეხი ამ ხალხს,’ და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი: ‘გიცნობ სახელით და შენ ჰპოვე მადლი ჩემს თვალში.’
13და ახლა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“
14და თქვა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ შენ.“
15და უთხრა მას: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან.
16და რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? ხომ იმით, რომ წამოხვალ ჩვენთან და ამით გამორჩეულნი ვიქნებით მე და შენი ხალხი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“
17და უთხრა უფალმა მოსეს ეს სიტყვაც: „რაც თქვი, გავაკეთებ, რადგან ჰპოვე შენ მადლი ჩემს თვალში და გიცნობ სახელით.“
უფალი ეცხადება მოსეს თავისი დიდებით
18და უთხრა: „მაჩვენე მე შენი დიდება.“
19და უთხრა: „მე ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინ და შევიწყალებ, ვინც უნდა შევიწყალო, და შევიბრალებ, ვინც უნდა შევიბრალო“.
20და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს“.
21და თქვა უფალმა: „აჰა ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე
22და, როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე.
23და როცა მოგაშორებ ჩემს ხელს, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება“.

Currently Selected:

გამ. 33: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in