გამ. 29
29
აარონისა და მისი ძეების კურთხევა მღვდლობისათვის
1ეს არის, რაც უნდა გაუკეთო შენ მათ, რათა აკურთხო ისინი ჩემთვის მღვდლობის გასაწევად: აიყვანე ერთი მოზვერი და ორი უმანკო ვერძი.
2და აიღე ხმიადები და უფუარი კვერები, ხორბლის წმიდა ფქვილისაგან, ზეთწაცხებული. გამტკიცული ფქვილისგან გააკეთე ისინი.
3და მოათავსე ისინი ერთ კალათაში, და მიიტანე ისინი კალათით. და აგრეთვე მოზვერი და ორი ვერძი.
4აარონი და მისი ძენი მიაახლე საკრებულო კარვის კარს და განბანე ისინი წყლით.
5და აიღე შესამოსელნი და შემოსე აარონი კვართით და წამოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, და შემოარტყი მას სარტყელი ეფოდისა.
6და დაახურე დოლბანდი თავზე, და მიამაგრე წმიდის გვირგვინი დოლბანდზე.
7და აიღე საცხებელი ზეთი, და დაასხი მას თავზე, და სცხე მას.
8და მიაახლე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით.
9და შემოარტყი მათ სარტყელი, აარონს და მის ძეებს, და დაახურე მათ დოლბანდები, და იყოს მღვდლობა საუკუნო წესად. და აუვსებ ხელს აარონს და მის ძეთ.
10და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა თავიანთი ხელები მოზვერს თავზე.
11და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12და აიღე მოზვრის სისხლიდან, და წასცხე თითით სამსხვერპლოს რქებს. მთელი სისხლი კი დაღვარე სამსხვერპლოს საძირკველთან.
13და აიღე მთელი ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ, და აკმიე სამსხვერპლოზე.
14ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი სიბინძურე დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი.
15და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე.
16და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ.
17და ვერძი დაჭერი ნაწილებად და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს.
18და აკმიე მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი მსხვერპლია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისათვის.
19და აიყვანე მეორე ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძის თავს.
20და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს, ირგვლივ.
21და აიღე სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზეა, და საცხებელი ზეთი და მოასხურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელნი, და მის ძეთა შესამოსელნი მასთან ერთად.
22და აიღე ვერძისგან ქონი და დუმა, და ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, და ორივე თირკმელი, და ქონი, რომელიც მათზეა, და მარჯვენა კანჭი, რადგან ეს ვერძი ხელავსებისაა,
23და ერთი მთელი პური, და ერთი ზეთიანი ნამცხვარი, და ერთი კვერი ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა.
24და დაუწყვე ყოველივე აარონს ხელისგულებზე და მის ძეთ ხელისგულებზე, და შეარხიე ისინი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე.
25და აიღე ისინი მათ ხელთაგან, და აკმიე სამსხვერპლოზე სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე. იგი საცეცხლო მსხვერპლია უფლისა.
26და აიღე ხელავსების ვერძის მკერდი, რომელიც აარონისაა, და შეარხიე იგი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და ეს იქნება შენი წილი.
27და განწმიდე მკერდი შესარხეველი შესაწირავისა და კანჭი აღსამართავი შესაწირავისა, რომელიც შერხეულ და აღმართულ იქნა ხელთავსების ვერძისაგან, რომელიც აარონისაა და, რომელიც მისი ძეებისაა.
28და ეს იყოს აარონისა და მისი ძეებისათვის საუკუნო წესად ისრაელის ძეთაგან, რადგან ეს აღსამართავი შესაწირავია და აღსამართავი შესაწირავი უნდა იყოს ისრაელის ძეთაგან მათი სამშვიდობო მსხვერპლებიდან მათი აღსამართავი შესაწირავი უფლისათვის.
29და წმიდა შესამოსელი, რომელიც აარონისაა, დარჩეს მის ძეებს მის შემდგომ, რათა მასში მიიღონ ცხება და ხელის ავსება.
30შვიდი დღე ემოსოს იგი მღვდელს, ვინც მის ნაცვლად იქნება მის ძეთაგან, რომელიც შევა საკრებულო კარავში წმიდაში მსახურებისთვის.
31ხელთავსების ვერძი აიყვანე და მოხარშე მისი ხორცი წმიდა ადგილზე.
32და ჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა ხორცი ვერძისა და პური, რომელიც კალათშია, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
33და ჭამონ ის, რომლითაც მიღებული აქვთ მათ გამოსყიდვა ხელავსებისათვის და კურთხევისათვის. უცხომ არ ჭამოს იგი, რადან წმიდაა იგი.
34და თუ დარჩება ხელავსების ხორცისაგან და პურისაგან დილამდე, მაშინ დაწვი მონარჩენი ცეცხლში. აღარ იჭამოს, რადგან წმიდაა იგი.
35და ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის ძეებს, როგორც გამცნე შენ: შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი.
36და მოზვერი ცოდვის შესაწირავისა შესწირე ყოველდღე გამოსასყიდად და განწმიდე სამსხვერპლო შენი გამოსყიდვისას მასზე, და სცხე მას, რათა განწმიდო იგი.
37შვიდ დღეს ასრულებდე გამოსყიდვას სამსხვერპლოსთვის და განწმედდე მას. და იქნება სამსხვერპლო წმიდათაწმიდა. ყველა, ვინც შეეხება სამსხვერპლოს, განიწმიდება.
38აი რას შესწირავ სამსხვერპლოზე: ორ ერთწლიან კრავს ყოველდღე, მუდმივად.
39ერთი კრავი შესწირე დილით, ხოლო მეორე კრავი შესწირე საღამოთი,
40და მეათედი ეფა, გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ გამოხდილ ზეთში შერეული, და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად ერთი კრავისთვის.
41მეორე კრავი შესწირე მწუხრის ჟამს, მსგავსად დილის შესაწირავისა, და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი, კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირავად უფალს.
42ეს სრულადდასაწველი მუდმივად იყოს თქვენს თაობებში საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით თქვენ, რათა გელაპარაკო.
უფლის აღთქმა
ისრაელის ძეთა შორის დავანებაზე
43და იქ გამოვეცხადები ისრაელის ძეთ და განიწმიდება კარავი ჩემი დიდებით.
44და განვწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს, და აარონს და მის ძეებსაც განვწმედ, რათა მღვდლობა გამიწიონ.
45და დავივანებ ისრაელის ძეთა შორის და ვიქნები მათი ღმერთი.
46და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
Currently Selected:
გამ. 29: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002