YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 3

3
ასო კლავს, სული კი აცოცხლებს
1ნუთუ კიდევ დავიწყოთ საკუთარ თავთა წარდგენა? ნუთუ საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან?
2თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი.
3თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფიცრებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე.
4ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ,
5არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალგვედვას ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, ვითომც ჩვენგან იყოს და არა ღვთისაგან ჩვენი შემძლეობა.
6მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.
7ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით გამოსახული, ისე დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო,
8რამდენად დიდი იქნება სულის მსახურების დიდება?
9ვინაიდან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვობს დიდებით სამართლიანობის მსახურება,
10რადგან ამრიგად განდიდებული არ ჩაითვლება დიდებულად ამ აღზევებულ დიდებასთან შედარებით.
11ვინაიდან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი აქვს დიდება მას, რაც რჩება.
სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა
12ამიტომ, რაკი ამდენი თავისუფლება გვაქვს, დიდი გაბედულებითაც ვმოქმედებთ.
13და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელიანებს წარმავალი დიდების დასასრული.
14მაგრამ დაეხშათ მათ გონება, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე აუხდელი რიდე, რადგან იგი ქრისტეშია მოხსნილი.
15მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,
16ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევიან, რიდე ეხდებათ.
17ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.
18ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.

Currently Selected:

2კორ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in